ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კობახიძის ვიზიტის დროს ევროკავშირისა და ნატოს, ფაქტობრივად, ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა
“მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს ევროკავშირისა და ნატოს, ფაქტობრივად, ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ნაკლები სპეკულაციის ადგილი დარჩეს.
„პრემიერი თავის გუნდთან ერთად არის წარმოდგენილი ბრიუსელში და შეხვედრებია ასევე, ნატოს გენერალურ მდივანთან. ამით კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა იმ მთავარ პოლიტიკური საგარეო თუ საშინაო ამოცანას, რაც ამ ხელისუფლების წინაშე დგას, ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს თანმიმდევრული სვლა. მეორე საკითხია ის კონკრეტიკა, რაც ამ ვიზიტის დროს გაჟღერდა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების საბჭოს შეფასებითი დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო დინამიკურად ვითარდება.
სხვათა შორის, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე აპელირება, 12 პუნქტი შესასრულებელია, ან 9 ნაბიჯი მომავალი მოლაპარაკებების გახსნისათვის. ყურადღების მიღმა რჩება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უამრავი საკითხი, რომელსაც საქართველო ასრულებს და ასრულებს ძალიან წარმატებულად, ამ შეფასებაში სწორედ ეს ჩანს, რომ საქართველო დინამიკურად ვითარდება და ევროკავშირთან დაახლოება, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დებატების საკითხი. ეს პირველ რიგში არის სწორედ ქვეყანა თავის საკანონმდებლო ბაზით, ეკონომიკური განვითარების დონით, სოციალური პოლიტიკის წარმოების კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი. ყველა ეს შეხვედრა იყო მეგობრულ ვითარებაში, ნდობის ვითარებაში და არ დარჩენილა არც ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების შეჯერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ნაკლები სპეკულაციის ადგილი დარჩეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.