საფრანგეთი რუსეთის ციხეში მყოფი, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსის – კარა-მურზას ბედის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთის ციხეში ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ კრემლს რუსეთის ციხეებში მყოფი ყველა პოლიტპატიმრის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პარიზი განსაკუთრებით შეშფოთებულია ვლადიმერ კარა-მურზას ბედით, რომელსაც 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა “ღალატის ბრალდებით” მიუსაჯეს.
42 წლის კარა-მურზა კრემლის და პირადად ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია.
„საფრანგეთი შეშფოთებულია ვლადიმერ კარა-მურზას ჯანმრთელობის გამო“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
2015 წელს ვლადიმერ კარა-მურზა, ისევე – როგორც მოგვიანებით ალექსეი ნავალნი, მოწამლეს, თუმცა, მის შემთხვევაში, არსებული მონაცემებით, საუბარი არ იყო “ნოვიჩოკზე”.
მოწამვლამ იმოქმედა პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე და უკვე პატიმრობაში ყოფნისას კარა-მურზა არაერთხელ უჩიოდა ჯანმრთელობას და ციხის ხელმძღვანელობისგან სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას.