გერმანიაში Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვა დაიწყო – გაუქმებულია ასობით რეისი

გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ, რამაც უკვე გამოიწვია ასობით რეისის გაუქმება. შეფერხება, დაახლოებით, 100 ათასამდე მგზავრს შეეხება.

პროფკავშირი Verdi მოუწოდებს ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგის, ბერლინის, დიუსელდორფის, კიოლნ-ბონისა და შტუტგარტის აეროპორტების სახმელეთო თანამშრომლებს შეუერთდნენ პროტესტს.

ოფიციალურად გაფიცვა 21 თებერვლის, ადგილობრივი დროით 07:10 საათამდე გაგრძელდება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე გამაფრთხილებელი გაფიცვაა.

Verdi დაახლოებით 25 ათასი სახმელეთო თანამშრომლისთვის ხელფასის 12,5 პროცენტით ზრდას ითხოვს (მაგრამ არანაკლებ 500 ევროს თვეში). გარდა ამისა, ითხოვენ, ინფლაციის გამო, ერთჯერადი კომპენსაციის გადახდას 3000 ევროს ოდენობით.

Lufthansa-ს ადამიანური რესურსების ხელმძღვანელმა, მაიკლ ნიგემანმა თქვა, რომ მორიგი გაფიცვა კვლავ არაპროპორციულად იმოქმედებს როგორც მგზავრებზე, ასევე, თანამშრომლებზე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით დასანანია, რადგან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 21 თებერვალს გაიმართება და Lufthansa-მ ახალი წინადადება წარადგინა.

თავის მხრივ, Verdi-მ გამოაცხადა, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვა საჭირო იყო, რადგან ავიაკომპანიამ წინადადების გასაუმჯობესებლად არაფერი გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები