“ამოცანებს არაადამიანურ პირობებში ვასრულებთ” – ავდიივკისთვის ბრძოლას 110-ე ბრიგადა აგრძელებს
მტრის უპრეცედენტო თავდასხმების მიუხედავად, გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები ავდიივკაში რჩებიან.
როგორც ბრიგადის პრესსამსახურში აცხადებენ, ქვედანაყოფები „მტკიცედ, გაბედულად, გმირულად“ იცავენ ქალაქს, ორი წლის განმავლობაში ყოველგვარი „ჩივილის გარეშე“.
რუსები ავდიივკას ყველანაირი იარაღით ანადგურებენ, უკრაინელი ჯარისკაცები კი ისევ დგანან.
“ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის მტრის 12-ზე მეტი ფორმირება – ბრიგადები, პოლკები, ცალკეული სპეცრაზმი. ჩვენი ბიჭები, არაადამიანურ პირობებში, ყოველწუთიერი საარტილერიო დაბომბვის ქვეშ, მუდმივი საჰაერო დარტყმების ქვეშ ასრულებენ დასახულ ამოცანებს. ქალაქის თავდაცვას 110-ე ბრიგადა საკუთარ მხრებზე ატარებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Terra-ს მეთაურმა, ნიკოლაი “აბდულა” ვოლოხოვმა თქვა, რომ საოკუპაციო ძალებს ავდიივკაში ელიტური ჯარები ჰყავთ მობილიზებული. “აიდარის” ბატალიონის ოცეულის ყოფილმა მეთაურმა, ევგენი დიკიმ თქვა, რომ ავდიივკას ბედი უახლოეს 48 საათში გადაწყდება.
ამასთანავე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ, “სამწუხაროდ, ავდიივკა, სავარაუდოდ, რუსების კონტროლის ქვეშ გადავა”. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ამის მიზეზია უკრაინის სამხედრო ძალებში საბრძოლო მასალის ნაკლებობა.