მამაკაცი, რომელიც 47-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა – ალსიდეს მორენოს ისტორია
სტატისტიკის თანახმად, თუკი მესამე სართულიდან ჩამოვარდნისას გადარჩენის შანსი 50%-50%-ზეა, მეათე სართულიდან ჩამოვარდნისას გადარჩენის შანსი, თითქმის, არ არსებობს. თუმცა, ამერიკელი ალსიდეს მორენო სასწაულებრივად გადარჩა 47-ე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად.
ალსიდესი და მისი უმცროსი ძმა ედგარი ნიუ-იორკში ფანჯრების მრეცხავებად მუშაობდნენ. ტრაგედია 2007 წლის 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც ძმები „სოლოუ თაუერის“ ცათამბჯენზე ავიდნენ. როდესაც სამშენებლო კალათაში ჩავიდნენ, ცათამბჯენის სახურავზე დამაგრებული სადენები, თითქმის, მაშინვე ჩამოწყდა.
ედგარი პირველი ჩამოწყდა, 144 მეტრი იფრინა და მიწას 190 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა. დაახლოებით, იმავე მომენტში სადენი ალსიდესის მხარესაც ჩამოწყდა.
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა და მედიკოსებმა ჯერ უმცროსი ძმის სხეული იპოვეს. ის ხის ღობეზე დაეცა. ალსიდესი სამშენებლო კალათის მეტალის ნამსხვრევებს შორის აღმოჩნდა. მას კალათის მართვის პულტი ხელში ეკავა და სხეული არაბუნებრივად ჰქონდა მოკეცილი, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავდა. როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ, ფეხზე წამოდგომასაც ცდილობდა.
მეხანძრეებმა ალსიდესი განსაკუთრებული სიფრთხილით გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. მათ იცოდნენ, რომ ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. საავადმყოფოში აღმოჩნდა, რომ მამაკაცს მრავლობითი ტრავმა აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა ტვინი, ხერხემალი, გულ-მკერდის მიდამო და მუცლის ღრუ. ასევე, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, ხელი და ორივე ფეხი.
ექიმებმა ალსიდესი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, ჩაატარეს ათობით ოპერაცია და 12 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. მამაკაცი სასწაულებრივად გადარჩა. ჰებერტ პარდესმა, ნიუ-იორკის პრესვიტერიანული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ამას ნამდვილი სასწაული უწოდა.
სამი კვირის შემდეგ ალსიდესი გონს მოვიდა და თქვა, რომ საერთოდ არ ახსოვდა, როგორ ჩამოვარდა.
„თავში სრული ბურუსი მაქვს“, – აღნიშნავდა ის.
როგორც მოახერხა მამაკაცმა გადარჩენა, დღემდე ამოცანად რჩება. შესაძლოა, კალათამ, რომელსაც მან ხელი ჩაკიდა, ძირითადი დარტყმა მიიღო. შესაძლოა, კონსტრუქცია ფრენისას თავად შენობას შეეჯახა, რამაც ვარდნის სიჩქარე შეანელა.
„დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი. ამდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ძმის გარდაცვალების ფაქტი მიმეღო. თითქოს, შვილი დავკარგე, ის ხომ ჩემი უმცროსი ძმა იყო“, – ამბობს მორენო.
დიდი კომპენსაციის მიღების შემდეგ მამაკაცი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად არიზონაში გადავიდა. თბილი ჰავა მისი ძვლებისთვის სასარგებლოა. ახლა ალსიდესი, დაახლოებით, 60 წლამდე ასაკისაა და ამბობს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა ძველ სამსახურში, ჯანმრთელობა რომ ხელს უწყობდეს.