ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი მაგისტრალურ მილსადენზე GWP-ის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით გაეცნენ

“რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, კომპანია GWP-ი მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის პროექტებს აგრძელებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით მშვიდობის ქუჩაზე , მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეცვლის სამუშაოები დაათვალიერეს.

“კომპანია GWP მშვიდობის ქუჩაზე არსებული მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. დაზიანებული მილსადენი, წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა ქალაქს. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც სემეკთან ერთად გავმართეთ, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ამ და სხვა პროექტების განხორციელებით, წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, 1400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი იცვლება, დამონტაჟდება 4 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 3 საკვანძო ჭა.

“რუსთავისთვის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და ამ მიმართულების სრული მოდერნიზება, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მშვიდობის ქუჩაზე 600 მმ-ნი მაგისტრალური მილსადენის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და პარალელურად დაიგეგმება წყალსადენის ქსელის სხვა დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს რუსთავის 24 საათიანი წყალმომარაგება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დაიწყო, პროექტის დასრულებას კომპანია მაისში გეგმავს.

“მიმდინარე წელს პრიორიტეტულად დაიგეგმა მშვიდობის ქუჩაზე არსებული მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია, რაც ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ გასულ წელს, ამ მონაკვეთზე 30-მდე დაზიანება დაფიქსირდა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და დღეიდან უკვე პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. ეს საკმაოდ მასშტაბური ინვესტიციაა წლევანდელი პროექტებიდან და მისი ღირებულება 1 550 350 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 18 000 აბონენტს”, – განაცხადა კომპანია GWP-ის რეგულაციებისა და კონტროლის დირექტორმა ოთარ დათუნაშვილმა.

პროექტში კომპანია GWP-ი 1 550 350 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. შედეგად ქალაქ რუსთავში, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩების 18 000-მდე აბონენტს წყალმომარაგების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. 2024 წლის განმავლობაში GWP-ი რუსთავში 18 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები