COVID-19-ით დაავადებულ პირებს ქრონიკული დაღლილობის განვითარების ოთხჯერ მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ვირუსი არ ჰქონია – ახალი კვლევა

აშშ-ის ახალი ფედერალური კვლევის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს ქრონიკული დაღლილობის განვითარების, სულ მცირე, ოთხჯერ მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ვირუსი არ ჰქონია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მკვლევრებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის 4500-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები შეისწავლეს. პაციენტებს “კოვიდ-19” 2020 წლის თებერვლიდან  2021 წლის თებერვლამდე ჰქონდათ დადასტურებული.

ამ ადამიანებს საშუალოდ 11,4 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მათი ჯანმრთელობის მონაცემებს 9000-ზე მეტ პაციენტს ადარებდნენ, რომლებსაც COVID-19 დადასტურებული არ ჰქონდათ.

ჯგუფმა დაადგინა, რომ COVID-იანი პაციენტების 9%-ში დაღლილობა განვითარდა.

კვლევამ აჩვენა, რომ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ COVID-19, დადებითი პასუხის მქონე ადამიანებს დაღლილობის 68%-იანი რისკი ჰქონდათ და 4,3-ჯერ უფრო მაღალი იყო ქრონიკული დაღლილობის განვითარების რისკი შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

დაღლილობა უფრო ხშირი იყო ქალებში, ხანდაზმულებსა და სხვა დაავადებების მქონე პირებში, მათ შორის, დიაბეტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და სხვა.

434 პაციენტიდან, რომელსაც დაღლილობა განუვითარდა, 25,6% შემთხვევაში დაკვირვების პერიოდში, სულ მცირე, ერთხელ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ასევე, პაციენტებში, რომლებსაც დაღლილობა ჰქონდათ, განვითარებული გარდაცვალების მაღალ რისკჯგუფში იმყოფებოდნენ. დაკვირვების პერიოდში 5.3% პაციენტი გარდაიცვალა, ამ სიმპტომის გარეშე – 2.3%.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ,  “ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ დაღლილობა შესაძლოა, მოხდეს ან ხელახლა გამოვლინდეს კორონავირუსის მწვავე ავადმყოფობიდან ერთ, ან მეტ წელიწადში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები