“აშშ უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით ეხმარება, ვიდრე ნატო და ეს მაჩვენებელი უნდა გათანაბრდეს” – ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო უკრაინას აშშ-ზე ნაკლები დაფინანსებით ეხმარება.
მისი თქმით, ნატოს ქვეყნები აშშ-თან უნდა გათანაბრდნენ.
ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
“უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით ვეხმარებით, ვიდრე ნატო. ხელისუფლებაში არავინ გვყავს, ვისაც ისინი პატივს სცემდნენ, შესაბამისად, ისინი დაჟინებით ცდილობენ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. ეს არასწორია. ნატო ჩვენთან უნდა გათანაბრდეს, და ახლავე. ამას გააკეთებენ, თუ სწორად ვთხოვთ. თუ არა, მაშინ ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, – დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ნატო “ძლიერი გახადა” და ალიანსის წევრებს მეტის გადახდას აიძულებდა, რათა თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ის მიზნობრივ მაჩვენებლებამდე მიეღწიათ.
“როდესაც 20 ქვეყანას, რომელიც თავის სამართლიან წვლილს არ იხდიდა, ვუთხარი, რომ უნდა გადაიხადონ, ვუთხარი, რომ ამის გარეშე აშშ-ის სამხედრო დაცვა არ ექნებოდათ, ფული წამოვიდა. ამდენი წლის შემდეგ, როდესაც აშშ ანგარიშებს იხდიდა, ეს მშვენიერი სანახაობა იყო. მაგრამ ახლა, როდესაც არ შემიძლია თქმა: “უნდა გადაიხადოთ”, ისინი ძველ ჩვევას დაუბრუნდნენ”, – წერს ტრამპი.