პაპუა-ახალი გვინეის ოპოზიციამ პრემიერმინისტრს უნდობლობა გამოუცხადა
პაპუა-ახალი გვინეის ოპოზიციამ ქვეყნის პრემიერმინისტრს, ჯეიმს მარაპეს უნდობლობა გამოუცხადა,
ამის შესახებ NBC Papua New Guinea იტყობინება.
საკითხზე პარლამენტში კენჭისყრამდე სპეციალური კომისია განიხილავს, შეესაბამება თუ არა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი წინადადება ქვეყნის კონსტიტუციას.
ავსტრალიური ტელეარხის – ABC-ის ცნობით, უნდობლობის გამოცხადება უკავშირდება ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იანვარში მიმდინარე არეულობებს, რომლის დროს, როგორც ოპოზიცია ამბობს, მარაპე უმოქმედოდ იყო.
პაპუა-ახალი გვინეის რამდენიმე ქალაქში იანვარში არეულობა იყო, რომელიც სამართალდამცავების და სასჯელაღსრულების თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ დაიწყო, რომლებიც ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ.
ქვეყანაში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და წესრიგის აღსადგენად ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იყო მობილიზებული.
პრემიერმინისტრმა, ჯეიმს მარაპემ თქვა, რომ არეულობებში გამოვლინდა “ორგანიზებული ხანძრების” ნიშნები “პოლიციის ზოგიერთი არასანდო ელემენტის” დახმარებით.
თუმცა, მან არ გამორიცხა ინციდენტში ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართვაც.
არეულობის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა.