ibis Styles-ის, mercury-ს და Swissotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორი: 2023 წლის მონაცემებმა 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა
2023 წლის მონაცემებმა 2019 წლის მაჩვენებლებს 10-12%-ით გადააჭარბა, – ამის შესახებ განცხადებას ibis Styles-ის, mercury-ს და Swissotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორი, მაკა ცხომელიძე აკეთებს.
მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით სასტუმრო ბიზნესში მკვეთრადაა გაზრდილი კონკურენცია, რამაც გარკვეული ასახვა სასტუმროებში განთავსების ფასებზეც პოვა.
„ზოგადი მაჩვენებლების მიხედვით მე ნაკლებად შემიძლია, ვისაუბრო, ამიტომ დავეყრდნობი ჩვენს ჯგუფში შემავალ სასტუმროებს. 2023 წლის მაჩვენებლებმა 2019 წლის მაჩვენებლებს 10-12%-ით გადააჭარბა. რაც შეეხება 2021 წლის მაჩვენებლებს დატვირთულობის ზრდა უფრო მაღალი იყო 15-17%-ის დონეზე. რაც შეეხება განფასების ტარიფებს 2019 წელთან შედარებით 2-3 ლარითაა დაწეული.
მე ვფიქრობ, რომ მაღალ მაჩვენებლებს დატვირთულობის ფონზე უფრო მივაღწიეთ. ზოგადად, ქალაქში ახალი სასტუმროების გახსნამ, კონკურენციის ზრდამ ფასებზეც გარკვეული გავლენა იქონია. კონკურენცია ამ მიმართულებით უფრო გაზრდილია ვიდრე 2019 წელს არსებული რეალობა იყო. 2019 წელს ბევრად ნაკლები რაოდენობა იყო ბრენდული სასტუმროების“, – აცხადებს მაკა ცხომელიძე.
თბილისში მდებარე სასტუმროების ibis Styles-ის, mercury-ს და Swissotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორი ფიქრობს, რომ ისრაელის კონფლიქტმა 2023 წელს საქართველოს ტურისტულ ნაკადებზე მკვეთრი გავლენა მოახდინა.
„ისრაელის მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ჯგუფები გაუქმდა და პლუს ევროპელ ტურისტებს მაინც ეშინიათ საქართველოში ჩამოსვლის უკრაინის ომიდან გამომდინარე, რადგანაც მაინც უყურებენ რუკას და ამბობენ რომ საქართველოს უკრაინასთან ტერიტორიულად ახლოსაა“,- აცხადებს ცხომელიძე.
მისივე თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდისთვის მნიშვნელოვანია ახალ ბაზრებზე გააქტიურება და ასევე ინდოეთთან სავიზო რეჟიმის მაქსიმალური გამარტივება.
„ალბად უფრო ალტერნატიული ქვეყნები უნდა მოვიზიდოთ, გავამარტივოთ ინდოეთთან სავიზო რეჟიმი და ხელშეწყობა ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა იყოს, რადგანაც ინდოეთიდან დღეში 1 მლნ ტურისტამდე ჩადის სხვა ქვეყნებში. ბევრი ტურ-ოპერატები ჩამოვიდნენ ამ ქვეყნიდან და ბევრი აქტივობებიც იყო. ფაქტობრივად ქვეყნების ხელშეწყობაზეა საუბარი, რომ ქვეყანაში ინდოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა კიდევ უფრო გაუმარტივდეთ“, – განმარტავს ცხომელიძე.