ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, რომელსაც დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ ტერნერი ხელმძღვანელობს.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა კონგრესმენების უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს ტერორს მშვიდობიანი ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მასიური სარაკეტო დარტყმებით და ირანული დრონებით.

„ეს ვიზიტი აჩვენებს უკრაინის ძლიერ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას, ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გვეხმარება აგრესორთან ეფექტურად დაპირისპირებაში. თქვენი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის მებრძოლი სულის ამაღლებისთვის, განსაკუთრებით იმ გმირებისთვის, რომლებიც დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესს, ორივე პარტიას, შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვის, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.

ამასთან, ზელენსკიმ ცალკე აღნიშნა კონგრესის მნიშვნელოვანი ლიდერული როლი უკრაინის მხარდაჭერაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან. ხაზი გაესვა კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღების კრიტიკულ მნიშვნელობას.

„აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ გავჩერდებით. იმისათვის, რომ ეს ბრძოლა ეფექტური იყოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი უკრაინისთვის საჭირო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები