თეთრი სახლი რეკორდულ, 1,5 ტრილიონ დოლარიან თავდაცვის ბიუჯეტს წარადგენს
თეთრი სახლი 2027 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტის წინადადებას წარადგენს, რომელიც რეკორდულ 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Breaking Defense ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაახლოებით 760 მილიარდი დოლარი იარაღის განვითარებისა და შესყიდვებისთვის გამოიყოფა. დაგეგმილია ხარჯების გაზრდა „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან, გემთმშენებლობასთან და F-35 გამანადგურებელ თვითმფრინავებთან დაკავშირებულ პროგრამებზე.
თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესს 85 სხვადასხვა მოდიფიკაციის F-35 გამანადგურებლის შეძენას შესთავაზებს. 18 საბრძოლო და 16 არასაბრძოლო გემის მშენებლობისთვის 65,8 მილიარდი დოლარია დაგეგმილი. პროექტის თანახმად, „ოქროს გუმბათი“ 17,5 მილიარდ დოლარს მიიღებს.
პენტაგონი, სავარაუდოდ, დეტალური ბიუჯეტის გეგმას 21 აპრილს გამოაქვეყნებს.