“აბსურდია” – სუნაკი პუტინის განცხადებაზე, რომ უკრაინაში შეჭრა ნატოს გაფართოების შედეგია
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა ვლადიმირ პუტინის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომი ნატოს გაფართოების შედეგია, “აბსურდი” უწოდა.
სუნაკს The Guardian PA ციტირებს, ხოლო პუტინმა განცხადება FoxNews-ის ყოფილ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან გააკეთა.
სუნაკის განმარტებით, რუსეთი უკრაინაში უკანონოდ და არაპროვოცირებულად შეიჭრა.
“ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი თავიდანვე მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით… არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ეს ქცევა უკონტროლო იყოს. ეს გავლენას ახდენს მთელ ჩვენს უსაფრთხოებაზე”, – თქვა მან.
სუნაკმა დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ გადასახადებზე.
„და, სწორედ ამიტომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ მთელ მსოფლიოში მოკავშირეებთან, რათა უკრაინას მივაწოდოთ მხარდაჭერა, რომელიც მას რუსული შემოჭრის მოსაგერიებლად სჭირდება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.