“უკრაინა ვაშინგტონის ნატოს სამიტიდან მნიშვნელოვან პროგრესს არ უნდა ელოდოს” – ალიანსში ბრიტანეთის ელჩი
უკრაინა ნატოში გაწევრიანების საკითხში მომავალ სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება, მნიშვნელოვან პროგრესს არ უნდა ელოდოს.
ამის შესახებ ნატოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, დევიდ კვორიმ განაცხადა, – წერს Politico.
„ამ საკითხში დიდ წინსვლას არ ველოდები, ძირითადად, ადგილზე არსებული სიტუაციის გამო“, – განაცხადა ელჩმა.
ამავდროულად, მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია“.
„საკითხავია, “როდის” და არა – “თუ”.. და ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ის ნატოს უახლოვდება”, – განმარტა დიპლომატმა.
კვორიმ, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარება „რაც შეიძლება მალე“ დამტკიცდება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვაშინგტონში 9-11 ივლისს შეიკრიბებიან.