უკრაინაში ჯარში გაწვევის ასაკი 27-დან 25-წლამდე შეამცირეს – რადამ მობილიზაციის შესახებ ახალ კანონს დაუჭირა მხარი

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაწვევის ასაკს 27 წლიდან 25 წლამდე ამცირებს.

კანონპროექტს მხარი საპრეზიდენტო პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციამ დაუჭირა, თუმცა, მთავარი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინას“ წევრებმა – არა.

ახალი კანონი უკრაინელების მობილიზაციის გამკაცრებას ითვალისწინებს, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია ორწლიანი ომის შედეგად ადამიანური დანაკარგის შესავსებად.

სხვა საკითხებთან ერთად, ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს – გაწვევის ასაკის შემცირებას 27-დან 25 წლამდე;

შემოაქვს „ელექტრონული გაწვევის კაბინეტი“, რომლის შექმნაც ყველა სამხედროს ევალება;

ამარტივებს სამხედრო უწყისის ჩაბარების პროცედურას – მისი გადაცემა შესაძლებელი იქნება, როგორც პირადად, ასევე, “ელექტრონული კაბინეტის” მეშვეობით;

აწესებს სანქციებს სამხედრო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმისთვის, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (წინა რედაქციის დროს, სანქციის გამოყენება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც იყო შესაძლებელი);

სამხედრო კომისარიატებში წვევამდელების მიყვანა პოლიციას შეეძლება;

აწესებს იმ პირთა დემობილიზაციას, ვინც შეიარაღებულ ძალებში, ბოლო 36 თვის განმავლობაში იმყოფება, მაგრამ მათი გათავისუფლება, შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი სარდლის გადაწყვეტილებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები