აშშ-ში, ალაბამას შტატში მსჯავრდებული სიკვდილით აზოტის ასფიქსიის გამოყენებით პირველად დასაჯეს.
კენეტ იუჯინ სმიტი სასჯელს 1988 წელს ქალის მკვლელობისთვის იხდიდა, მან განაჩენის გასაჩივრება სამჯერ სცადა, თუმცა, მისი საჩივარი არცერთხელ დაკმაყოფილდა.
2022 წელს სმიტის სიკვდილით დასჯა ინექციის შეყვანის გზით სცადეს, თუმცა, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან სპეციალისტებმა ვენაში მოხვედრა ვერ შეძლეს და სასჯელის აღსრულების ორდერიც ამოიწურა.
შტატის გენერალურმა პროკურორმა, სტივ მარშალმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი “ეფექტური და ჰუმანური იყო” და უარყო ბრალდებები სასტიკი მოპყრობის შესახებ.
“სამართლიანობა აღსრულდა”, – თქვა მან.
პროცედურა ადგილობრივი დროით 19:56 წუთზე დაიწყო და 29 წუთის შემდეგ ექიმებმა სმიტის გარდაცვალება გამოაცხადეს.
პატიმარს ნიღაბი გაუკეთეს, რომლის მეშვეობითაც სუფთა აზოტი ორგანიზმში შეღწევას იწყებს – ფილტვებში მოხვედრისას ის ჟანგბადს ანაცვლებს, რაც იწვევს ჰიპოქსიას და სიკვდილს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზოტი ნიღაბში 15 წუთის განმავლობაში შედიოდა.
თვითმხილველების თქმით, სმიტი გონზე სიკვდილით დასჯის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო.
სიკვდილით დასჯამდე სმიტს ოჯახის წევრები, ორი მეგობარი, სულიერი მრჩეველი და ადვოკატი ესტუმრნენ.
სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი ზოგიერთმა სამედიცინო ექსპერტმა დაგმო, ისინი მსჯავრდებულის სხეულისთვის კატასტროფული შედეგების საშიშროებაზე საუბრობენ.
გასულ კვირას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ამ ფორმით სიკვდილით დასჯის შეჩერებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ აზოტის ასფიქსიით სიკვდილით დასჯა
საერთაშორისო სამართლის მიხედვით მიჩნეული უნდა იყოს, როგორც წამება და არასათანადო მოპყრობა.