სანქციების მიუხედავად, 2023 წელს რუსეთმა ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული და ევროპული წარმოების მაღალტექნოლოგიური ჩიპების შეტანა შეძლო.
ამის შესახებ Bloomberg-ი რუსეთის საბაჟო დახურულ სტატისტიკაზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთის მიერ იმპორტირებული ჩიპების და ინტეგრირებული სქემების ჯამურმა ღირებულებამ წელიწადში 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა და მათ ნახევარზე მეტი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კომპანიების პროდუქციაა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ კომპანიების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევის მტკიცებულება არ არსებობს – რუსები სანქცირებული ელექტრონიკის ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნების გავლით თაღლითურად ახდენენ.
შემდეგ კი, მაღალტექნოლოგიური კომპონენტების უმეტესობა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის პროდუქტებში ხვდება.