„ჯოჯოხეთშიც შემიძლია, სამოთხე შევიქმნა“…

თბილისი  მისი დაბადების და ბავშვობის ქალაქია. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ასევე მეორადი სპეციალობა გერმანული ენის განხრით. მუშაობდა სკოლაში გერმანულის მასწავლებლად, პარალელურად სტაჟირებაზე სასამართლოში, შემდეგ დაინტერესდა ჟურნალისტიკით. უყვარდა თავისუფალი თემების წერა, წერდა ასევე ჩანახატებს ნოველებს, ლექსებს…
ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა რედაქციაში და დაიწყო საინტერესო გზა ჟურნალისტიკაში. ერთხანს ემიგრაციაშიც იმყოფებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდა სამშობლოს.
ამჟამად ტელეკომპანია „თრიალეთში“ გადაცემა „ყვითელი მიქსის“ წამყვანია. – იურისტის, ჟურნალისტისა და მწერლის, ლანა ბიბილურიძის პერსონა.

– დასამახსოვრებელი ბავშვობიდან…
– პეპლების დევნა, სურნელოვანი ყვავილები, აყვავებული მდელო, მარადმწვანე ბუნება ,ცაში ჩიტების ფრენა, ატმის მსხმოიარე ხეები, თამაში, ვარდისფერი სათვალე, უბრალოება …ჭრელი ფერები იყო ბავშვობა… არადა ირგვლივ არ იყო ფერადი სამყარო. უბრალოდ  ჩვენ – ბავშვები ვცდილობდით დაგვენახა ფერადი და არ ვამახვილებდით ყურადღებას მუქ ფერებზე…
ადამიანი, რაც უფრო იზრდება, მძიმდება… ზრდასთან ერთად ღრმავდები და უღრმავდები სამყაროს, ეჯახები ტკივილებს, იმედგაცრუებას…  თუ თამაშის დროს სათამაშო გაგიტყდებოდა და განიცდიდი, მერე უკვე დიდს,  გული გიტყდება ცხოვრებისეული უსამართლობით…
დიდობაც საინტერესოა… წინ დიდი თავგადასავალი და სავსე ცხოვრება…
ასი წელიც რომ გქონდეს განვლილი, მგონია, ბავშვობის პერიოდზე უფრო ლაღი და სათნო არც იქნება დანარჩენი ცხოვრების გზა… ის ადამიანები, ვინც ოდესღაც შენთან იყვნენ, გაკლდებიან და ილევიან… თუნდაც ბებია-ბაბუა, სკოლის მასწავლებელი, ბაღის… აცნობიერებ, რომ სკოლის წლები დამთავრდა, მოგონებად იქცა, აღარ განმეორდება… აგრძელებ ცხოვრების გზას და თან დაგაქვს ხურჯინით ბავშვობის ფაქიზი მოგონებები… მსუბუქია ბუმბულივით, განა გამძიმებს, პირიქით, აწ კარს მომდგარ დღეებთან გეხმარება და ძალას გაძლევს …
ბავშვები უფლის თვალებით გვიყურენენ თითქოს… წრფელი და სათნო თვალებით…
ბავშვობა ერთი პატარა ლოცვაა და პირჯვარი, მადლი და მეტანია..
– წერა სკოლის დასრულების შემდეგ დაიწყეთ… პირველი ნაწერები?
– მახსოვს, ყოველ რვა მარტს, დედის დღეს, დაბადების დღეს დედას ვწერდი მისალოც ბართებს, არ გამომიტოვებია არც ერთი თარიღი… მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ამას რომ ვაკეთებდი… ეს წერილები არ იყო, უბრალოდ დაწერილი… ვაფორმებდი, ოფიციალურ სახეს ვაძლევდი (იღიმის), ულამაზეს ბარათებს ვაკეთებდი, გარეკანს ვაფორმებდი ნახატებით და მერე ვიწყებდი წერილს დედასთვის, ოღონდ მხატვრულად და დახვეწილად ვწერდი… პატარა ბავშვს შემეძლო დიდი ქალივით მეფიქრა და სულიერება ჩამექსოვა… შინაარსიანი წერილები მქონდა…
წერილების გარდა ჩანახატებს ვწერდი, მოკლედ, მთელი ცხოვრება ვკითხულობ, ვსაუბრობ და ვწერ (იღიმის)…
– ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები…
– ბავშვობაში ზაფხულში ბორჯომში ხშირად ვისვენებდი, ერთ-ერთ ზაფხულს ჩემმა ნათესავმა, უკარგესმა გოგომ, ჟურნალისტმა, რომელიც ტელევიზიაში მუშაობდა,  რამდენჯერმე მიმიყვანა მეც ტელევიზიაში… მახსოვს, მომცა საშუალება, პატარა ეპიზოდში მეც მიმეღო მონაწილეობა, მაშინ ათი წლის ვიქნებოდი… სახლშიც რომ ვიყავით ერთად, სამახსოვრო ვიდეოებს მიღებდა თავისი გადამღებით, მაშინ „კასეტები“ იყო (იღიმის). ვგიჟდებოდი ბავშვობიდან კამერასთან ურთიერთობაზე, ოთახის ხან ერთ კედელთან დავდგებოდი, ხან მეორესთან, ხელებს ვშლიდი, როლში ვიჭრებოდი და ვკითხულობდი ლექსებს კამერის წინ… ეს ლექსები საკმაოდ რთული იყო.. .სადაც რთულს ვნახავდი, იმას ვსწავლობდი ჩემი ნებით, კლასგარეშედ… ათი წლის ასაკში ნასწავლი ლექსები, მერე უკვე აბიტურიენტს შემხვდა საგამოცდო პროგრამაში…
მას მერე დიდმა წყალმა ჩაიარა, ჩართული ვიყავი ცხოვრებაში, გავიზარდე, დავამთავრე სკოლა… დადგა პროფესიის არჩევის დრო და უსამართლობასთან საბრძოლველად იურიდიულ ფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა… კანონით და სამართლით მინდოდა სამყაროს შეცვლა… არადა სამყაროს შეცვლა ყველას შეუძლია… მხატვარს –  ფუნჯით, მწერალს – კალმით…
უნივერსიტეტი დავამთავრე და დავიწყე სასამართლოში სტაჟირება…ჩემთვის სტრესული გამოდგა ეს საქმე… სასჯელი და ადამიანები ცხრაკლიტულში… ცრემლიანი თვალები და თავისუფლება აღკვეთილი ადამიანები, დარბაზში მსხდომი ცრემლიანი ოჯახის წევრები…მოკლედ, არ იყო სასიამოვნო და მივხვდი…
მერე ჟურნალისტიკაში ჩავები… პირველი ნაბიჯი – გაზეთის რედაქციაში – მოეწონათ და გამომიქვეყნეს  სტატია…
მერე იყო ტელევიზია PKTV… გადაცემის წამყვანი ვიყავი…უკვე მრავალი წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ვგიჟდები, ისე მიყვარს  ჩემი საქმიანობა…
– ერთხანს ემიგრანტიც იყავით. როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა იმ პერიოდმა თქვენში? რა შეგძინათ?
– ოცნებად მქონდა საზღვრებს მიღმა ცხოვრება… მინდოდა ცოტა ხნით გამეტარებინა სხვა ქვეყანაში დრო, რა ხდებოდა, როგორ ცხოვრობდნენ, მათი კულტურა, ცხოვრების წესი… ერთ დღეს ჩავალაგე ჩემოდანი და წავედი…სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი… ესპანეთში ვიყავი. შემცვალა, მართლაც შემცვალა…უფრო მეტად ჩავხედე საკუთარ სულს… წარმოიდგინეთ ხილი ,რომელიც ნახევრად არის მწიფე  და მკვახეა,ზუსტად ასე დავმწიფდი… საკუთარ თავთან ისე მარტო ხარ იქ… იმ მარტოობაში იბადება ჭეშმარიტება… ალბათ, ერთხელ მაინც უნდა წახვიდე, რომ უფრო მეტად დააფასო ყოველივე შენი და შეიცნო…
რა შემძინა? საკუთარ თავში ახალი ადამიანი…
ხშირად ვმოგზაურობდი ესპანეთის ირგვლივ, განსაკუთრებით სევილია მომეწონა… სიმშვიდის ქალაქია…
თან ცეცხლი, თან სიწყნარე… ვეცნობოდი ესპანელების კულტურას, ცხოვრების წესს, ხასიათს…
რაღაც პერიოდი ფლამენკოსაც ვსწავლობდი… ოჰ, მიყვარს… ესპანური მუსიკა და ცეკვა ჩემი სუსტი წერტილია…
– ცხოვრების ყველა ეტაპზე სიახლეს ეძებთ. არ გიყვართ გაჩერება… ეს თქვენი სტილია…
– ხანდახან მგონია, ჩემში რვა ან თხუთმეტი ქალი ცხოვრობს… ერთი ვარ, მაგრამ ბევრი…
მრავალფეროვანი ვარ და რაიმე რომ დამაინტერესებს, სანამ არ შევიცნობ, ვერ ვისვენებ. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება… არ მიყვარს ერთ სიბრტყეზე სიარული, სახლამდე მისასვლელ გზასაც კი ხშირად ვიცვლი… სანამ ცოცხლობ, არ უნდა დანებდე, არ უნდა გაიყინო ერთ ადგილზე…ვერაფერმა და ვერავინ დამაბრკოლა, ვერც ტკივილმა და ვერც ბედნიერებამ… მაინც წინ მივდიოდი და მივდივარ…
– მიზნის მისაღწევად…  რა არის საჭირო?
– წიგნების კითხვა… მე წიგნებმა შემიქმნა ულამაზესი სამყარო და ჩემმა სამყარომ გადამარჩინა, დამეხმარა მიზნების მიღწევაში…
არ უნდა შეგაშინოს ხალხის კრიტიკამ… ხშირად გეტყვიან, რომ არ გამოგივა, რომ გვიანია, რომ არ გაქვს შანსი… აი,ზუსტად მაგ დროს გამოგდის, თან ძალიან კარგად…
იმედი უნდა გქონდეს, რწმენა…არ მიაქციო ბრბოს ყურადღება…
ხომ არ ინტერესდები, ხალხი რას იტყვის, როცა თმას ივარცხნი? ან კბილებს იხეხავ, საკვებს მიირთმევ, ხომ არ ფიქრობ, შეგისწორებენ თუ არა, რამდენად კარგად გამოგდის ეს პროცესი?!.. აი, მასე უნდა მიუდგე ყველა შენს ოცნებას და ცხოვრებისეულ მომენტებს… შენი ცხოვრება შენია და თუნდაც დაგიწუნონ, მაინც უნდა გააგრძელო სვლა შენებურად… მთავარია, შენ მოგწონდეს და გინდოდეს, რასაც აკეთებ…
ტელეკომპანია „თრიალეთში“ „ყვითელი მიქსისთვის“ ამზადებთ გადაცემებს. რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, რომ გადაცემები საინტერესო იყოს და ერთმანეთს არ დაემგვანოს?
– ვერ წარმომიდგენია, რესპონდენტი არ შევისწავლო, სანამ ინტერვიუს ჩავწერ. არ მიყვარს ზედაპირულობა და მიყვარს სიღრმე…მინდა გავიგო მისი ხასიათი, სტილი, ცხოვრების გზა, შემოქმედება…
არის ერთნაირი   შეკითხვები, რომელსაც ყველას ვეკითხები, რადგან  თითოეულის ხედვა საინტერესოა, მაგრამ არის შეკითხვები, რაც მხოლოდ მისია …
არ აქვს მნიშვნელობა, მეეზოვეა თუ პრეზიდენტი, ყველა ადამიანი საინტერესოა…მაინტერესებს თითოეულის ცხოვრება და ნაფიქრი, განვლილი და აწმყო…ზღვაში კენჭების და ცაზე ჩიტების აზრებიც  კი, რამდენჯერ გამიფიქრია, ნეტავ საუბარი შეეძლოთ-მეთქი …
კედლის მიღმა სამყარო მაინტერესებს …მინდა დავინახო, რაც არ ჩანს …
ჟურნალისტიკა მეხმარება ყოველივეს უკეთ გაცნობაში…
– ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ სულ შეკითხვის რეჟიმში ვარ… მინდა  ახალი სიტყვა აღმოვაჩინო, რომელიც ადამიანს გადაარჩენსო… რა თქმა უნდა, სიტყვას დიდი ძალა აქვს… ამ მხრივ თქვენი ჟურნალისტური პრაქტიკიდან რამე საინტერესოს ხომ ვერ გაიხსენებდით?
– მიყვარს ახალი ადამიანების აღმოჩენა, ქუჩაში უამრავი ადამიანი დადის, ჩრდილში რომ არიან და სცენაზე უნდა იდგენენ… მიყვარს ადამიანში მზის პოვნა და ამ მზის სამყაროში გადმოტანა…
ჩემი სიტყვით, ჩემი გამოჩენილი კეთილი განზრახვით ბევრი ადამიანისთვის მიმიცია ძალა და ვყოფილვარ გამტარი ხიდი…
– თანამედროვე ცხოვრებამ ადამიანი სოციალურ ქსელს მიაჯაჭვა.  ურთიერთობებმა უკან გადაინაცვლეს, რეალურ სამყაროს ვირტუალური ჩაენაცვლა…
– ადამიანი ზის ადამიანის წინ და ვერ ხედავს, ტელეფონშია, ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა დაგვემართოს?!
ტექნოლოგიამ გადაწონა ადამიანური ურთიერთობები.
სად დახარჯოს ადამიანმა თავისი ენერგია? საჭესთან არის  ან ინტერნეტში… როგორ დაიხარჯოს ემოციურად, თუ რეალურ ურთიერთობებში არაა?! მანქანიდან არ გადმოდის და არც ინტერნეტს ეშვება (იღიმის)…
სოცქსელმა დაგვაახლოვა მსოფლიოს, მაგრამ თან გაგვაუცხოვა და დაგვაშორა ადამიანები ერთმანეთს.
– როგორ გავხადოთ ცხოვრება ლამაზი?
– ყველამ საკუთარი ფანჯრები გავწმინდოთ და სხვის ფანჯრებს დავანებოთ თავი, საკუთარი ცხოვრება შევიქმნათ და სხვის ცხოვრებას შევეშვათ…
– რა არის თქვენთვის პოეზია?
– პოეზია თავშესაფარია „დაჭრილთათვის”… მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა… მთელი ცხოვრება  სულ რაღაცას ვკითხულობ და დღემდე ვერ დავასრულე…
– თქვენი ერთი ჩანახატი …
– მიყვარს ყაყაჩოსფერი გოგოები, თავზე სევდისფერი ქუდი რომ ახურავთ და მაინც ანათებენ… გოგოები, თმაში ჩაწნული გვირილის ღეროებით შევერცხლილი, ზვიადი შუბლით და ვარსკვლავებივით განათებული სახით…
გოგოები, იასამნისფერი სურნელით, ცაში აზიდული ატმის ყვავილებივით,
ჩანჩქერივით ჩხრიალა, ნაკადულივით ნაზი გოგოები,ზღვის ტალღებივით მოშრიალე სულით… ტკივილით ქანცგაწყვეტილი, მაგრამ მზესავით საიმედო გოგოები…
ყაყაჩოსფერი გოგოები მიყვარს, სიცოცხლით სავსე და მოციმციმე…
– წერთ, ჩანახატებს, ნოველებს… წიგნი, როგორც ვიცი, არ გაქვთ ჯერ… ლანა ბიბილურიძე მწერალი – თქვენი თვალით დანახული…
– ოდესღაც მეც დავწერ წიგნს…
– ორი პროფესიის შემდეგ (იურისტი და ჟურნალისტი) ამჟამად ფსიქოლოგიურზე სწავლობთ? რატომ გადაწყვიტეთ ფსიქოლოგიური?
– სიღრმისეულად უნდა შევისწავლო სამყარო და ადამიანი…
– ჰობი…
– საკუთარ სულში მოგზაურობა…
– როგორ გესმით თავისუფლება?
– თავისუფლებას ვგრძნობ, თუ ვაკეთებ იმას, რაც მინდა …
– უბრალოება დავკარგეთ ადამიანებმაო… – ამბობთ…
– მაგალითად, მინდა ტელევიზორს რომ ჩავრთავ, ვხედავდე ბუნებრივ, ნამდვილ სახეებს, დანაოჭებულს და ბოტოქსების გარეშე… ბუნებრიობა დასაცინი გახდა და ცდილობენ გადაკეთებას…
სკანდალი, ინტრიგა, ეპატაჟი…აი, რად იქცა სამყარო… დაიკარგა სიმშვიდე …
ადამიანები,  უბრალო მანქანით და უბრალო ტანსაცმლით… უბრალო ღიმილით და მდიდარი სულით…
ადამიანები მხოლოდ ხორცის ძერწვასა და იმიჯის შექმნაზე ფიქრობენ, ავიწყდებათ, უბრალოდ იცხოვრონ, უბრალოდ იყვნენ და ამ უბრალოებაშია სიმდიდრე…
ადამიანი თამაშობს, თამაში კი თრგუნავს… სურს სხვანაირი იყოს და სულ სხვანაირია, ასე მგონია…
– ჩემი სურვილია, შევიქმნა ჩემი სამოთხეო… როგორია თქვენი სამოთხე?
– ჯოჯოხეთშიც შემიძლია, სამოთხე შევიქმნა… მთავარია წარმოსახვა და…საოცარია მედიტაცია…

 

                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები