გერმანია ეროვნული თავდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ასევე, უსაფრთხოების სააგენტოებთან, კატასტროფების მართვის ორგანიზაციებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან ბუნდესვერის ურთიერთქმედებას აუმჯობესებს.
ბერლინში დღეს სიმპოზიუმი გაიმართება, რომელზეც გერმანიის თავდაცვის ახალი ოპერატიული გეგმა (OPLAN) განიხილება.
როგორც dpa-სთან საუბარში ბუნდესვერის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრე ბოდემანმა თქვა, ახალი გეგმა მარტის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად.
ამრიგად, გერმანიას ცივი ომის შემდეგ პირველად, თანამედროვე და ვრცელი თავდაცვის გეგმა ექნება.
dpa წერს, რომ ევროპაში არსებული ძალთა ბალანსი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც არსებობდა 30 წლის წინ, როდესაც გერმანია თავდაცვის ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე იმყოფებოდა. ახლა გერმანია უკანა ზონაშია და, ნატოს მოკავშირეებზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი ამოცანები მოიცავს მათი ძალებისა და მარაგების განლაგებისთვის მარშრუტების მხარდაჭერას.
ამავე დროს, ბუნდესვერი საფრთხეების ოთხ ტიპს გამოყოფს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე შეინიშნება.
კერძოდ, საუბარია ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციაზე, რომელთა დახმარებით მტერი ცდილობს გავლენა მოახდინოს ხელისუფლების, საზოგადოებრივი აზრისა და მედიის გადაწყვეტილებებზე.
გარდა ამისა, მოსალოდნელია მუდმივი კიბერშეტევები ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, ასევე, მიზანმიმართული ჯაშუშობა.
“საფრთხის მეოთხე ტიპი – დივერსიებია, მათ შორის სპეცრაზმის, არარეგულარული ძალების მხრიდან, რომლებიც ჯარების განლაგების შეფერხებისთვის მწყობრიდან რაიმეს გამოყვანას შეეცდებიან”,- ამბობს ბოდემანი და დასძენს, რომ თავდასხმის სამიზნე, შესაძლოა გახდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, “გერმანია ასეთი თავდასხმებისგან დაცვის შექმნაზე მუშაობს”.