ომბუდსმენის რწმუნებულებმა კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებულ აქციაზე დაკავებულები მოინახულეს
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში ხელწერილით გაათავისუფლეს).
ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც.
ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.
გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია.
სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.