პოლონეთის პრეზიდენტმა ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე – მარიუშ კამინსკი და მაციე ვონსიკი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
„კამინსკი და ვონსიკი შევიწყალე. მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ პრეზიდენტის ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე, მაცეი ვონსიკი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ 2007 წელს ე.წ. მიწის საქმეში უფლებამოსილების გადამეტება, როდესაც ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდნენ. იმ დროს ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას, პირველად, პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერი დონალდ ტუსკი იკავებდა.
2015 წლის მარტში ვარშავის რაიონულმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ისინი შეიწყალა. გასული წლის ივნისში კი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ საკასაციო აპელაციების შემდეგ, საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა და ის სასამართლოს დაუბრუნა.
2023 წლის დეკემბერში ვარშავის რეგიონალურმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
8 იანვარს კი ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათი დაკავების ორდერი გასცა.