ჯოზეფ ბორელი: მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებს.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვერავინ შესთავაზა „ჯადოსნური ფორმულა“ უკრაინას ომის დასასრულებლად.
„გავიგე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპი მიიწვია, რომ კიევში ჩასულიყო და გამოსავალი სწრაფად ეპოვა. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა და ომის დასრულება, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს“, – დასძინა ბორელმა.