23 იანვარს კალიგრაფიის დღე ზუგდიდში „ქართული წერის დედნის“ წარდგენით აღინიშნება

მახსოვს, როგორი სიამაყით აავსო 2016 წელს ყველა ქართველის გული იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანამ. ამ აღიარებას მართლაც მოჰყვა საკმაო გამოცოცხლება, შეიქმნა ერთეული შესანიშნავი კალიგრაფიული გამოცემები. ჩვენმა დიზაინერებმა მრავალგზის მიმართეს ქართული ანბანის თავიანთ ნიმუშებში წარმოჩენას, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამ ყოველივეს გაცილებით მეტი ძალისხმევა და ზრუნვა სჭირდება. ადრეული ასაკიდან მეტი ცოდნა და მოტივაცია უნდა გავუჩინოთ ჩვენს მომავალ თაობას, თუ რა განძი გაგვაჩნია სამი ანბანის სახით. მათ სრულყოფილად ფლობასა და კალიგრაფიულად შესრულებაზე კი სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა დახარჯოს.საქართველოს უმდიდრესი კალიგრაფიული სკოლა და ტრადიცია გააჩნია, რომლის განვითარებასა და სრულყოფაში უმთავრესი ღვაწლი ქრისტიანობას და ქართულად გადმოენებულ  სასულიერო მწერლობას მიუძღვის.
და რა გასახარია, რომ ჩვენი კალიგრაფიის მფარველობას ასეთი სასოებით განაგრძობს ქართული ეკლესია.
ამ დღეებში შესანიშნავი ზუგდიდელი პედაგოგის და მოღვაწე კაცისგან, ბატონი რამაზ ჩაჩიბაიასგან, შევიტყვე უაღრესად სასიამოვნო ცნობა, თუ როგორ ზრუნავს ქართული კალიგრაფიის განვითარებაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე, რომლის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა „ქართული წერის დედანი“ (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით) გამომცემლობა „უნივერსალი“, 2024.
პროექტი ხორციელდება ზუგდიდსა და წალენჯიხაში, რომელიც ითვალისწინებს ამა წლის 23 იანვრიდან 14 აპრილამდე კალიგრაფიული კონკურსის გამართვას, მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროექტის იდეის ავტორია ვლადიმერ კვარაცხელია, პროექტის მენეჯერი და დიზაინერი გახლავთ რამაზ ჩაჩიბაია, წიგნის მომზადებაში დიდი შრომა გასწიეს მხატვარმა დავით მოისწრაფიშვილმა, კალიგრაფმა ნონა გოგინავამ, პედაგოგმა ნანა კაციტაძემ.
ხვალ, 23 იანვარს, კალიგრაფიის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სააქტო დარბაზში „ქართული წერის დედნის” პრეზენტაციით დაიწყება, რომელსაც დაესწრებიან: სკოლის დირექტორები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები. აქვე გამოცხადდება კალიგრაფიული კონკურსის შესარჩევი ტურისთვის რეგისტრაცია და სახალხო ბიბლიოთეკის დაარსება.
მეორე ეტაპზე ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოხდება კონკურსანტების შერჩევა და რეგისტრაცია 2024 წლის 2-14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებულ კონკურსზე „ქართული კალიგრაფია – 2024“. პროექტი, რომლის მიზანია ჩვენი მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ეროვნული ცნობიერებისა და ღირებულებების განვითარებისთვის ხელშეწყობა მომავალ თაობებში.
როგორც ბატონმა რამაზ ჩაჩიბაიამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, მათ აქვთ სანუკვარი განზრახვა, რომ გამარჯვებულმა კალიგრაფებმა „ახალი აღთქმის” ტექსტი  გადაწერონ, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შესწირავენ. საორგანიზაციო ჯგუფის მომდევნო ამოცანა უკავშირდება სამივე დამწერლობის გაერთიანებული სავარჯიშოების კრებულის შექმნას, რომელიც მრგვლოვან და ნუსხურ დამწერლობას და წერა-კითხვას ნებისმიერ მსურველს შეასწავლის.
ესოდენ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი (დირექტორი გიორგი ფიფია), შპს საგანმანათლებლო ცენტრი „მამული, ენა, სარწმუნოება“ (ვლადიმერ კვარაცხელია, რამაზ ჩაჩიბაია), ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (ხელმძღვანელი მამუკა ბულია), შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაალ ქორთუა), ზუგდიდის პროფესიული კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“ (დამფუძნებელი დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გელა მამფორია), ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლა (დირექტორი ნათია ხუფაცარია), წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა (დირექტორი ლირა ღურწკაია).
ვწერ ზუგდიდელების ბრწყინვალე წამოწყებაზე და უნებურად შოთა ნიშნიანიძის ლექსის „გოგებაშვილის „დედა ენა“ სტრიქონები მახსენებს თავს:
„პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას“.
უდავოა, რომ ქართულ კალიგრაფიასაც მსგავსი ბედისწერა დაჰყვა და ჩვენი ერის უკვდავება მასაც უკავშირდება…

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები