“ოპოზიციის დევნა, პოლიტპატიმრების მონახულება, არჩევნებზე დაკვირვება” – აზერბაიჯანს PACE-ში შესაძლოა, უფლებები შეეზღუდოს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო პროცედურა, რომლის შედეგად აზერბაიჯანს შესაძლოა, უფლებები შეეზღუდოს.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
პროცედურა ოფიციალურად დაიწყო სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა – ფრანკ შვაბემ. მან აზერბაიჯანი ოპოზიციის დევნაში, ყარაბაღში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “ზემოქმედების სხვა გზა არ არსებობს”, გარდა PACE-ში აზერბაიჯანელებისთვის უფლებების შეზღუდვა.
„აზერბაიჯანის დელეგაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოინახულეს პოლიტპატიმრები და ლაჩინის დერეფანი, ასევე, არ არიან მიწვეული არჩევნებზე დასაკვირვებლად“, – დასძინა მან.
PACE-ს წესდების მიხედვით, ერთ-ერთ მომდევნო სასესიო დღეს ევროსაბჭო გადაწყვეტს, დაუწესოს თუ არა სანქციები აზერბაიჯანს და რომელი.
არსებითი მიზეზების გამო ანალოგიური პროცედურა იყო გამოყენებული რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგაც, სანამ ქვეყანას ორგანიზაციიდან გარიცხავდნენ.
აზერბაიჯანი ევროპის საბჭოსა და მისი ორგანოების მხრიდან კრიტიკას მუდმივად აწყდება. 2017 წელს ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური დასჯის სპეციალური პროცედურა დაიწყო. მაშინ, სტრასბურგის ზეწოლით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხიდან გაათავისუფლა.