“რას ელოდებიან, რომ რუსები ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს დატოვებენ? უნდა დათმონ ტერიტორიები” – რობერტ ფიცო
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ომის დასასრულებლად უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ნატოში გაწევრიანების სურვილზე უარი უნდა თქვას.
ამის შესახებ მან ტელეარხ RTVS-თან ინტერვიუში თქვა.
„რაღაც კომპრომისი უნდა იყოს. რას ელოდებიან, რომ რუსები ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს დატოვებენ? ეს არარეალურია“, – თქვა ფიცომ.
მან ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთი დაბლოკავს უკრაინის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ფიცო უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიჰალს ეტყვის შეხვედრაზე, რომელიც 24 იანვარს უჟგოროდში გაიმართება.
ასევე, მისივე თქმით, სლოვაკეთი აღარ მიაწვდის იარაღს უკრაინას, მაგრამ არ ჩაერევა იარაღის კომერციულ მიწოდებაში.
„ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, აკეთოს ფული იარაღზე. სლოვაკური კომპანიები არ იზამენ – ამერიკული კი”,- თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.
ამავდროულად, ფიცომ თქვა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„თუმცა, უნდა შეასრულონ ყველა საჭირო მოთხოვნა, რადგან ქვეყანა, რომელიც არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ვერ იქნება ევროკავშირის ნაწილი“, – თქვა მან.
ფიცო პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევა. ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, სლოვაკეთმა რუსეთსა და ბელარუსთან განაახლა თანამშრომლობა კულტურის სფეროში, რომელიც 2022 წლის მარტში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.