„საქართველოს ისტორიაში, ხელაშვილის გმირობის ფურცელი დაიწერა ჩარგალში“!
„ხელაშვილის ადგილი ჩარგალშია“! – მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„25 იანვარს შევიკრიბებით ჩარგლის სასაფლაოზე, ახლა უკვე ეროვნული გმირის, ხელაშვილის გასახსენებლად, მისი დაბადებიდან 124 და მკვლელობიდან 99 წლის თავზე. გაიჭრება ქადები, ითქმება ბევრი ლექსი, ბევრი ამბავი და შიგადაშიგ ისევ ისაუბრებენ მიხას გადასვენებაზე ჩარგლის სასაფლაოდან ახადში, იქ, სადაც პოეტი დაიბადა.
მე აქ დავწერ ჩემი და ჩემთან ერთად ხელაშვილის პატარა სანათესავოს აზრს ამ თემაზე და ვიცი, რომ მთელი სოფელი და პოეტის უამრავი თაყვანისმცემელი დამეთანხმება, თუმცა არ ვაპირებ კამათს მათთანაც, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა ღმერთმა და ოჯახმა და საკამათო არც არის.
საქართველოს ისტორიაში, ხელაშვილის გმირობის ფურცელი დაიწერა ჩარგალში!
ჩარგალი ხელაშვილისთვის იყო აღთქმული მიწასავით, ვაჟა-ფშაველას გამო, რაზიკაშვილების გამო და მისი დის, სალომეს და სიძის, თევდორე მღვდლის გამოც. რაც მედავითნეობა დაიწყო, მას მერე ჩარგალს ეპირებოდა, გამოჩნდა თუ არა ადგილი, გადმოვიდა და შემოადგა ფეხი საქართველოს ისტორიაში.
ჩარგალში იზრდებოდა, ჩარგალში მეგობრობდა, ჩარგალში უყვარდა და უყვარდათ, ჩარგალში შევიდა დიდ ბრძოლაში, ჩარგალში გმირობდა ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ჩარგალში უღალატეს და ჩარგალში დარჩა სამუდამოდ…
მის დას, მის ჭირისუფალს, სალომეს, მარტო მიხა კი არა, მათი დედა, თამარიც თავისთან ჰყავდა და აქ მოკლეს, ჩარგალში. მიხას მამა, უძლურებაში მყოფი ზურაბიც, სალომესთან იყო სახლში, სალომე ზრუნავდა მასზე და მის ხელში დალია სული…
ხელაშვილის დედის მკვლელობაც ცალკე ისტორიაა, ჩარგალში დაწერილი… აქ, ჩარგლის სასაფლაოზე მოითხოვა თავისი დედის დაკრძალვა მიხამ და აქ, ამ ადგილას აჩვენა ყველას თავისი თავზე ხელაღებული გამბედაობა! შეიარაღებული მივიდა გარდაუვალ სიკვდილთან, დედის სატირლად და ვერავინ გაბედა ან ვერავინ გაიმეტა სასიკვდილოდ…
სალომეს ახადამდეც შეეძლო ძმის ნეშტის ზურგით ტარება, იქ უფრო საიმედოდ დამალავდა, მაგრამ ჩარგალში მოიყვანა, მისი დედის გვერდით. თანაც მიხა მხოლოდ სალომეს არ დაუკრძალავს, ის, თევდორე მღვდელთან ერთად ჭრიდა საფლავს მთელი ღამე… მიხა, როგორც ჩარგლის წმინდა გიორგის ტაძრის დიაკონი, ტაძრის მოძღვარმა, თევდორე მღვდელმა, წესის მიხედვით, ტაძრის გვერდით დაკრძალა.
ჩარგალი ხელაშვილის ცხოვრების და გმირობის ადგილია, მისი ადგილი, იქაა, სადაც მიუჩინა მას ბედმა, ოჯახმა და მოძღვარმა!
ხალხი ჩარგალში მიხას ცხოვრების, სიყვარულის, ღალატის, გმირობის ისტორიის კვალზე მოდის და არა მისი დაბადების ადგილის სანახავად.
სადარდებელი ისაა, რომ სალომე, მიხას გმირი და, ჯერ არ არის ამ სასაფლაოზე, დედისა და ძმის გვერდით. ამას ჩვენ მოვაგვარებთ, ოჯახი, სალომე დაუბრუნდება ჩარგალს, ხელაშვილის პატივის მისაგებად მოსულები, მის ქალობასაც გაიხსენებენ, ის ამას იმსახურებს!
და კიდევ ერთი, აუცილებლად გასაკეთებელი – ჩარგლის სასაფლაოზე უნდა იყოს უსაფლავოდ დაკარგული ლევან რაზიკაშვილის ადგილი, ნიში, ქვა, მემორიალი თუ რაც გინდათ დავარქვათ, მისი ადგილიც აქაა! მისი თავგანწირვისა და ღალატის ისტორიაც ჩარგალში დაიწერა!
ჩარგლის სასაფლაო პანთეონია, საქართველო აქ ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილისა და სამშობლოსთვის თავგანწირული ყველა გმირის გასახსენებლად მოვა!
ადგილი, რაც მიხას ერგო დედამიწაზე, გმირების ადგილია!
ხელაშვილის ადგილი ჩარგალშია“! – წერს ლელა რაზიკაშვილი.