თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლას აუკრძალავენ
რუსეთის ტელეკომპანია TNT-ს დირექტორს, Gazprom Media Entertainment -ის მმართველ დირექტორს, თინა კანდელაკს ყაზახეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება.
ამის შესახებ სააგენტო KazTAG-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აიბეკ სმადიაროვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„თუ საჭირო იქნება, ზომები მიიღება. დღეს ან ხვალ ნუ მოგვთხოვთ შესვლაზე აკრძალულთა სიას, მაგრამ სახელმწიფო ამას არავის აპატიებს. შესაძლოა, ის არ აპირებს ყაზახეთში ჩასვლას, მაგრამ თუ გადაწყვეტს, მას არ შეუშვებენ“, – თქვა მან.
სკანდალი გამოწვეულია კანდელაკის მიერ გასულ კვირას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის ამბობს, რომ „ყაზახეთში ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად აგრძელებენ რუსული ენის სახელმწიფო დონეზე განდევნას“. კანდელაკის ამ განცხადების მიზეზი გახდა რკინიგზის სადგურების „ურალსკის“ – „ორალზე“ და „უზენის“ – „ჟანაოზენზე“ გადაკეთება.
„როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება აჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. აქაც ყველაფერი მცირედით დაიწყო – დაიხურა რუსული სკოლები, აიღეს საბჭოთა ძეგლები, და ბოლოს პენსიონერები სიცივეში გამოაგდეს“, – დაწერა კანდელაკი.
ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, რესპუბლიკაში სახელმწიფო ენაა ყაზახურია, თუმცა, სამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში, მასთან ერთად, რუსული ენაც აქტიურად გამოიყენება.