“უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უახლოეს 20 წელიწადში რუსეთთან ომი დაიწყება” – ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებმა არ უნდა მიიღონ თავისთავად ის მდგომარეობა, რომ გააგრძელებენ მშვიდობიან ცხოვრებას, ისინი უნდა მოემზადონ რუსეთთან ომისთვის, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.
ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph-ი წერს, რომლის სტატიის სათაურია – „ნატოს გაფრთხილება, მომდევნო 20 წლის განმავლობაში რუსეთთან ომის შესახებ”.
მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც შეიარაღებული ძალები ომისთვის მზად არიან, მოქალაქეები უნდა მოემზადონ კონფლიქტისთვის, რომელიც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.
ბაუერი ამბობს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, საჭირო იქნება დიდი რაოდენობის სამოქალაქო მოსახლეობის მობილიზება, ხოლო მთავრობებმა ამ პროცესის მართვის სათანადო სისტემები უნდა შექმნან.
„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობიან მდგომარეობაში ცხოვრება არ არის რაღაც ჩვეულებრივი რამ და, ამიტომ, ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის. მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზაც, ასევე, ადამიანები, რომლებმაც უნდა გაიგონ, რომ გარკვეულ როლს ასრულებენ“, – ციტირებს ბაუერს Telegraph-ი.
მან შეაქო შვედეთის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ომის შესახებ აფრთხილებს.
„აქედან უნდა დავიწყოთ. გაცნობიერება, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველაფერს ვერ დაგეგმავ და ყველაფერი იდეალურად არ იქნება“, – განაცხადა ადმირალმა.
მომავალ კვირას ნატო ფართომასშტაბიან წვრთნებს Steadfast Defender 2024-ს იწყებს, რომელშიც, დაახლოებით, 90 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. სწავლება მაისამდე გაგრძელდება.