ლავროვმა რუსეთის “ახლო მეგობრების წრე” დაასახელა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის “ახლო მეგობრების წრე” დაასახელა და თქვა, რომ ის არის წარმოდგენილი – ირანით, თურქეთით, საუდის არაბეთით, არაბთა გაერთიანებული საამიროებით და ყატარით.
ამის შესახებ მან 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ახლო გარემოცვაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ესენი არიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები – ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყატარი“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.
გარდა ამისა, ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვს აფრიკის ქვეყნებთან პარტნიორობა “სტრატეგიულ დონეზე“აჰყავს.
მისივე თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები „საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, საუკეთესო პერიოდს განიცდის“.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით ჩვენი შეფასებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ინდოეთის ეკონომიკასთან ერთად. ჩინეთთან ურთიერთობა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საუკეთესო პერიოდს განიცდის. ინდოეთთანაც ყველაფერი კარგადაა. აქაც არის რეგულარული დიალოგი უმაღლეს დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით კონტაქტებია დარგობრივ უწყებებთან”, – თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, 2024 წელს მოსკოვის მიზანია, „მოიშოროს დასავლეთზე ყოველგვარი დამოკიდებულება ეკონომიკასა და მიწოდების ჯაჭვებში“.