“იმედი მაქვს, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან პროდუქტიული და ნაყოფიერი იქნება მომავალი ინვესტიციების კუთხით”,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საუბარი იყო საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზეც.
„ბიზნესთან შეხვედრები ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოა. დავოსის ფორმატის ფარგლებში, ჩვენ საშუალება გვეძლევა, ამა თუ იმ სფეროში მსოფლიოს წამყვან კომპანიებს შევხვდეთ უმაღლესი წარმომადგენლობის დონეზე. ძირითადად დავოსში არიან მფლობელები, ხელმძღვანელი, გადაწყვეტილების მიმღები პირები და ამიტომ მათთან საუბარი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ჩვენ საუბარი გვქონდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ეკონომიკურ პროგრესზე. ეს საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან პროდუქტიული და ნაყოფიერი იქნება მომავალი ინვესტიციების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.