”ქვეყნის სამხრეთის საზღვრის დალუქვას ვაპირებთ” – დონალდ ტრამპი
აიოვას შტატში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ქვეყნის სამხრეთ საზღვარს “დალუქავს”.
”საზღვრის დალუქვას ვაპირებთ”, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატებიდან მიგრანტების დეპორტაციის დონე, დუაიტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის (1953-1961) დონეს მიაღწევს.
ტრამპმა, ასევე, თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის არის “ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომელიც ანგრევს თავის ქვეყანას”. მისი თქმით, დროა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალები „გაერთიანდნენ და სიტუაცია გამოასწორონ“.
”ჩემი აზრით,დროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ – იქნება ეს რესპუბლიკელები, დემოკრატები, ლიბერალები თუ კონსერვატორები, რათა გამოვასწოროთ სამყარო, სიტუაცია, ასევე, მოვაგვაროთ პრობლემები და ავირიდოთ სიკვდილი და ნგრევა, რომელთა მომსწრენი ვართ,“- თქვა დონალდ ტრამპმა.
15 იანვარს აიოვას შტატში გამართული კენჭისყრის შედეგად დონალდ ტრამპმა ხმების 53% მოიპოვა. ეს არის პირველი შტატი, სადაც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ნომინაციისთვის არჩევნები ჩატარდა. პარტიის ყრილობაზე კი, რომელიც ზაფხულში ჩატარდება, ტრამპი 20 დელეგატის ხმას მიიღებს.