ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა
ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, გაუჩინარდა. ქვეყანაში ორი თვით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ადოლფო მაკიას ვილამარი, მეტსახელად “ფიტო”, ციხეში 12 წლის განმავლობაში იმყოფება და ამავე დროს ძლიერ მაფიოზურ ჯგუფს – Los Choneros (“ხალხი ქალაქ ჩონიდან”) ხელმძღვანელობს.
ვილამარის საკანი ქალაქ გუაიაკილის ციხის იმ ნაწილშია, რომელიც, თეორიულად, განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული.
BBC-ი განმარტავს, რომ „ლოს ჩონეროსი“, ფაქტობრივად, გუაიკილის რეგიონალური ციხის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას თქვა, რომ „ნარკოტერორისტულ დაჯგუფებებს ჩვენი დაშინება სურთ და ფიქრობენ, რომ მათ მოთხოვნებს შევასრულებთ. მაგრამ ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არ მოვისვენებთ, სანამ ქვეყანაში მშვიდობას არ აღვადგენთ“.
ეკვადორის პოლიციის განმარტებით, საკანში ფიტოს არყოფნა 7 იანვარს გამოვლინდა. მას ციხის მკაცრად დაცულ ნაწილში ეძებდნენ, თუმცა, ვერ იპოვეს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, იმალება თუ არა მაფიოზი ციხის რომელიმე კომპლექსში, თუ შენობის დატოვება შეძლო.
2013 წელს ფიტომ ციხიდან გაქცევა ერთხელ უკვე მოახერხა. 17 პატიმართან ერთად, მან La Roca-ს ციხესთან არსებული მდინარე ნავით დატოვა.
თუმცა, ოთხი თვის შემდეგ ძმასთან ერთად, რომელიც ასევე Los Choneros-ის წევრია, ქალაქ მანტაში დედის სახლში დააკავეს.