არჩილ გორდულაძე ვლადიმერ ხუჭუაზე: მას წარმოდგენა არ აქვს კონსტიტუციაზე და კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული ნორმების არცოდნაში

“დადასტურებულია, რომ მას [ვლადიმერ ხუჭუას] არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე და არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში – სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით?”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას.

მისი თქმით, „როდესაც 22-დან 21 მოსამართლე ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს და მხოლოდ ვლადიმერ ხუჭუა ხედავს, რომლის მეუღლეც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, ყველაზე რბილად, ეჭვის შეტანის საფუძვლები აქვთ“.

„22-მა მოსამართლემ განიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საჩივრები. 22 მოსამართლიდან მხოლოდ ხუჭუამ აღმოაჩინა დარღვევა და მხოლოდ ის აღმოჩნდა სამართლისა და სამართლის უზენაესობის სადარაჯოზე. ამის სასარგებლოდ მეუღლე ტორტის გამოცხობაც კი დაჰპირდა. კატასტროფაა, როდესაც აქამდე არის მისული ეს ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ მოსამართლეა და ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში.

„საქმემ შენმა გამოგაჩინოსო“ – ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს წესით მოსამართლემ. მაგრამ როდესაც 22-დან 21 მოსამართლე ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს და მხოლოდ ბატონი ხუჭუა ხედავს, რომლის მეუღლეც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია, რომელიც არაერთი მედიასაშუალებით გამოდის, მათ შორის სოციალური ქსელითაც და პირდაპირ თავის პოზიციას აფიქსირებს – ეს მისი უფლებაა, მაგრამ მის მიუკერძოებლობაში, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად ეჭვის შეტანის საფუძვლები გვაქვს.

დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში. სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით?“ – აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, გორდულაძის თქმით, ვლადიმერ ხუჭუამ არც ბანგალორის პრინციპები და არც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტები არ იცის, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეს საუბარი მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებებით შეუძლია.

„ბატონმა ხუჭუამ რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იცის და არც საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როგორც ჩანს, არც ბანგალორის პრინციპები არ გაუგია ბატონ მოსამართლეს და არც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეს შეუძლია საუბარი თავისი გადაწყვეტილებებით.

იგი არ არის პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებებით იყოს წარმოჩენილი საზოგადოებაში, მაგრამ არახალია, რომ მოსამართლე ხუჭუა დადის სხვადასხვა ტელეეთერში, სხვადასხვა მედიებთან აქვს კომუნიკაცია, რაც პირდაპირი დარღვევაა იმ ფუძემდებლური პრინციპის, რომელიც ბანგალორის პრინციპებით არის ცნობილი. ჩათვალეთ, რომ დაახლოებით ჰიპოკრატეს ფიცი რომ დაარღვიოს ექიმმა, ასეთ დარღვევას ვხედავთ ბატონი ხუჭუასგან“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას ინფორმაციით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები