თემურ ჩალაბაშვილი – პოეტი, რომელიც ყოველდღიურობას დღესასწაულად აქცევდა
თემურ ჩალაბაშვილი ზუსტად ორმოცი წლის წინათ გამაცნო ჟურნალ „მნათობის” რედაქტორმა, ბატონმა გიორგი ნატროშვილმა. იგი პატივს სცემდა ამ ახალგაზრდა პოეტს და მისი პირველი წიგნის რედაქტორობაც ამიტომ ეკისრა. სჯეროდა, რომ ეს ქიზიყელი ბიჭი აუცილებლად იტყოდა თავის გამორჩეულ სიტყვას ქართულ პოეზიაში. მერე ჩემს რედაქციაში – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ვხვდებოდით ერთმანეთს.
ჩვენს შენობაში მუშაობდნენ თემურის მეგობრები: ნაზი კილასონია, ლაშა გახარია, იზა ჯაჭვაძე, ვილენ მარდალეიშვილი და სხვები. მათკენ ხშირად მოუწევდა გული. მახსოვს, ჩემთანაც შემოხსნიდა კარს, მოვიდოდა, მომიკითხავდა: აბა რასა იქმ, ჩვენებურო, ვკითხულობ, თვალს ვადევნებ შენს ტექსტებს და ვხედავ რომ ძალიან გიყვარს შემოქმედი ხალხი, ვისზეც შენ წერ. იგრძნობა მათდამი კრძალვა და პატივისცემა და ამიტომ მე ჩემს მეგობართა სიაში უნდა მიგიღოო და ასეც მოხდა.
ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მალე ჩვენ კარის მეზობლები გავხდით ვორონცოვზე. დავახლოვდით ოჯახებით და ჩვენი შვილები ერთად თამაშობდნენ. ამ სტუმართმოყვარე ოჯახში მრავალი ცნობილი პიროვნება გავიცანი თემურის წყალობით და ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებებად დამრჩა. გოგი გელოვანი, თენგიზ არჩვაძე, ლეო ანთაძე, ზურაბ ქაფიანიძე, მიხეილ ქვლივიძე, თენგიზ კიკალიშვილი, თემურ კილაძე და მრავალი პირადად თემურ ჩალაბაშვილმა დამაახლოვა.
მე ვიცნობდი თემურის არაჩვეულებრივად კეთილ და დარბაისელ მშობლებს და სულ არ მიკვირს ის დაუშრეტელი ადამიანური სითბო, რაც მას გააჩნდა, საიდან იღებდა სათავეს. მძიმე 90-იანებში, როცა ძია ბეჟანი შვილთან ხორაგით ხელდამშვენებული ჩამოდიოდა, არ მახსოვს, ძღვენი ჩვენი ოჯახისთვისაც არ ეწილადა.
მახსოვს, ჩემი თორნიკე სამი წლის გახდა, მაშინ ვის რა მოგვეპოვებოდა, რომ შვილების დაბადების დღე სათანადოდ აღგვენიშნა? მახსოვს, თემურმა და მისმა მეუღლემ საგანგებო სუფრა გააწყეს ამ ამბის გამო. რამდენიმე ძვირფასი სტუმარიც მოიწვეს და იყო ლხინით და სიმღერით დაშვენებული საღამო. პურობის ბოლოს თემურმა ხელში აიყვანა თორნიკე და თავისი მუზეუმივით სახლის კედლებისკენ აპყრობინებს მზერას: აბა, ამოირჩე და მითხარი, რას ისურვებ აქედან საჩუქრად, შენ მარტო ხელი დაადეო. თორნიკე ძალიან დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა? თან მშობლებს გვიყურებდა და ვერ გაებედა სათქმელის ამოღერღა. თემური არ მოეშვა ხმლების, ქუდების, მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციებს აჩვენებს და აიძულებს არჩევას. დაბადების დღის საჩუქარზე უარს ნუ მეტყვიო. ბოლოს თორნიკემ ერთ პაწია, ბავშვისთვის სათამაშოდ გამოჭრილ ფანდურზე შეაჩერა ყურადღება. თემურმა უყოყმანოდ ჩამოხსნა თუშური ფარდაგიდან ფანდური და მოულოდნელობისგან თვალებგაფართოებულ ბიჭს გადასცა. ეს ფანდური ახლაც ჩვენთან ინახება და თემურის მზიური სულის სითბოს გვაგრძნობინებს.
თემური იყო არტისტული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, მას პოეტობა რომ არ აერჩია, ქართულ სცენას უბადლო მსახიობი შეემატებოდა მისი სახით. ვაჟა-ფშაველას და იეთიმ გურჯის გარდა ქართულ ჩოხას და ნაბადს სხვა მწერალი თუ მოირგებდა და დაიმშვენებდა ვერც წარმომიდგენია, რადგან ჩვენი მწერლების უმეტესობა გაწკეპილ პიჯაკებსა და ჰალსტუხებში გვახსოვს.
მას უყვარდა დღესასწაულების მოწყობა ადამიანებისთვის.
მახსოვს, ერთ წკვარამ ღამეს ბატონი მიხეილ ქვლივიძე, ვარანცოვიდან როგორ მივაცილეთ თავის ბინაზე ლესელიძის ქუჩაზე. თემურმა დაიჟინა ნაბდით უნდა წამოვიდეო, თან ჩონგურიც წამოიყოლა, რომელიც ნაბდის ქვეშ არ მოჩანდა. ლესელიძიდან უკან რომ მოვყვებით ქვაფენილს, თემური მეუბნება ხომ იცი, ეს ჩვენი ძმა და მეგობარი გოდერძი ჩოხელი რომ საავადმყოფოში ყოფილა, მოდი, ვნახოთ და ცოტა გავამხიარულოთ ჩვენი მოულოდნელი სტუმრობითო.
ამ დროს შუქი არ არის მთელ თბილისში, თანაც შუაღამეა და ქუჩებში კანტიკუნტად დადიან მანქანები. თან საავადმყოფო დიდუბეშია, მაშინდელი მაგნიტოგორსკის ქუჩის (ახლანდელი თორნიკე ერისთავის ქუჩა) ბოლოსკენ. ბედად ერთმა მანქანამ გაგვიჩერა და ნაბდიან და მეცხვარის ქუდით თავშემკობილ თანამგზავრთან ერთად დიდუბისკენ მივდივართ. მანქანის მძღოლს თურმე უცნია თემური. იმიტომ გაგიჩერეთ, ბატონო თემურ, თორემ ამ დროში მანქანაში უცხოს როგორ ჩავისვამდიო. თემურმა მოუყვა ჩვენი განზრახვის შესახებ: გოდერძი ჩოხელის მონახულება გვინდა და როგორმე უნდა მიგვიყვანო იმ საავადმყოფომდეო. ჩემი თავი გენაცვალოთ, არათუ მიგიყვანთ იქამდე, პალატის მოძებნაშიც დაგეხმარებითო.
მართლაც, მივედით ამ საავადმყოფოს ეზოში, მაგრამ ისეთი სიბნელეა, ვერაფერს ვარჩევთ. დავიწყეთ ძახილი: გოდერძი, გოდერძი!!! და ვუვლით გარშემო შენობას. თურმე ექთანს გაუგია ჩვენი ხმა და უფიქრია, ესენი ნამდვილად გოდერძი ჩოხელს ეძებენო. ვხედავთ, მესამე სართულის ფანჯარაში ლამპა აინთო, იხსნება ფანჯარა და ქალი გვეუბება, ჩუმად იყავით, მე ჩამოვალ ქვევით და ამოგიყვანთ გოდერძი ჩოხელთანო. ამასობაში გოდერძისაც გაღვიძებია და დაგვიხვდა კიბის თავთან გაღიმებული. ამასობაში, კიდევ მეორე ლამპაც მოგვაშველა ექთანმა, შევედით გოდერძის პალატაში, თემურმა ქუდი მოიხადა და ნაბადქვეშიდან თუთის ხისგან ნაკვეთი ჩონგური გამოაძვრინა. სიმებს ჩამოჰკრა… და დაბალ ხმაზე წამოიწყო ღიღინი. გოდერძიმ ისე გაიხარა, გვითხრა: ბიჭებო, თავი გაგიწირავთ ჩემთვის ამ ყიამათში და თქვენ არ იცით, როგორ გამომიკეთეთ გულიც და გუნებაც და ეს სამისდღემშიოდ მემახსოვრებაო!
კიდევ არაერთი შემთხვევის გახსენება შემიძლია, თუ რამდენად არასტანდარტული და პოეტური იყო იგი ყოველდღიურ ყოფაში. ამით თემური მაღლდებოდა რუტინაზე და დღესასწაულებად აქცევდა თითქოს ჩვეულებრივ შეხვედრებს. ახლა არც დროა და არც განწყობა არაერთი სხვა უნიკალური შემთხვევის აღწერისა და გახსენებისა…
დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ბრწყინვალე ხელოვანსა და პიროვნებას, რომელმაც თავის წილ უზარმაზარი სიკეთე და სინათლე დატოვა ქართველების გულში. ვინც მას ერთხელ მაინც შეხვედრია, შეუძლებელია, გული სინანულით არ აუვსოს მისი გარდაცვალების ცნობამ.
მე მისი პოეზიის სილაღე მიყვარს. ერთი მათგანი კი „რად გამიმეტე ასე, დედილო” ის შედევრი მგონია, რომლისთვისაც ღირდა ამ წუთისოფლად მოსვლა და რომლითაც თემურ ჩალაბაშვილს ასი წლის შემდეგაც დააფასებენ…
გიორგი ლალიაშვილი