ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა უკვე მეორე შტატმა აუკრძალა
აშშ-ის მენის შტატი კოლორადოს შემდეგ უკვე მეორეა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებში დონალდ ტრამპის სახელის შეტანა ოფიციალურად აიკრძალა. კოლორადოს შემთხვევის მსგავსად, მენის შტატის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გასაჩივრდება.
მენის სახელმწიფო მდივანმა, შანა ბელოუზმა გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაასაბუთა, რომელიც ამბოხში მონაწილეებს კენჭისყრას უკრძალავს.
თავისი გადაწყვეტილების 34-გვერდიან ტექსტში ბელოუზი წერს, რომ ტრამპმა „2021 წლის 6 იანვრის მოვლენებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში არჩევნების გაყალბების ცრუ ნარატივს იყენებდა და მხარდამჭერები კონგრესის წინააღმდეგ დაგეშა“.
ტრამპის საარჩევნო შტაბი, რომელიც მანამდე მოუწოდებდა შანა ბელოუზს, არ ჩარეულიყო საარჩევნო პროცესში, მის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
სპიკერმა, სტივენ ჩონგმა ბელოუზს “ბაიდენის მომხრე ზემიკერძოებული დემოკრატი” უწოდა და განაცხადა, რომ ის საარჩევნო პროცესში ერევა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მენის სასამართლოში გასაჩივრდება.