რამდენი მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად

„ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოსაყვანად. მათ უკვე კონკრეტული სქემაც შეიმუშავეს და როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, აქტიურ ქმედებებზე ისინი ოქტომბრიდან გადავლენ. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციაზე“ დაყრდნობით წერს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა მემანიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია.
მემანიშვილის ინფორმაციით, სქემა უშუალოდ სააკაშვილთან ერთად არის შემუშავებული და შეთანხმებული. მის განხორციელებაზე კი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, კიდევ რამდენიმე ლიდერია პასუხისმგებელი. ვაშაძე პასუხს საქართველოს მასშტაბით აგებს, დანარჩენ ლიდერებს კი კონკრეტული რეგიონები აბარიათ, სადაც, როგორც აცხადებენ, უკვე მიმდინარეობს დაჯგუფებების შექმნა.
„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ განცხადებით, სქემა შემდეგნაირია: ყველა რეგიონში შეიქმნება დაჯგუფებები, რომლებსაც სამი ხელმძღვანელი ეყოლება. ვალდებულებები თითოეულ მათგანზე გადანაწილდება და ისინი, თავის მხრივ, რეგიონალურ ხელმძღვანელთან იქნებიან პასუხისმგებლები. მემანიშვილის განცხადებით, რეგიონალური ხელმძღვანელების მოვალეობაა ხალხში საპროტესტო მუხტის გაჩენა…
ორგანიზაციის ხელმძღვანელი„ ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკითხვას ითხოვს და აცხადებს, რომ „ნაციონალები“ პიროვნებებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ „რეგიონალურ დაჯგუფებებში“ გაწევრიანებასა და კონკრეტული დავალებების შესრულებას სთავაზობენ. მემანიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების დაინტერესების შემთხვევაში ის მზად არის, აღნიშნული პიროვნების სახელი და გვარი გაასაჯაროოს.

ნიკა მემანიშვილი:
– მინდა დღეს საზოგადოებას ვაცნობო იმ ფაქტების შესახებ, რომელიც გაცილებით მძიმეა, ვიდრე აქამდე გავრცელებული ინფორმაცია. დაზუსტებულ ინფორმაციას ვფლობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის პოლიტიკურ ვა-ბანკზე. მათი მიზანია, ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და გადავიდნენ პოლიტიკურ რევანშზე. სიტუაცია ბევრად მძიმეა რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის ზონდერჯგუფებს, საუბარია რამდენიმე ათას ადამიანზე. სტრუქტურა არის შემდეგი: ქალაქებში, რაიონებში დაჯგუფებებს უხელმძღვანელებს სამი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეგიონალურ ხელმძღვანელთან და ამ სქემას სათავეში უდგას ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია და ასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებებს.
– სქემა ვის მიერ არის შემუშავებული?
– უშუალო მითითებები მიიღეს სააკაშვილთან შეხვედრაზე, სარფში. ამის შემდეგ აღნიშნული საქმე ჩაიბარა გიორგი ვაშაძემ. „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ძალიან დიდი ფული დახარჯოს და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ეს აღარასოდეს მოხდება. მათი მიზანია საკუთარი პოლიტიკური ძალის რეაბილიტაცია და სწორედ ამისთვის სჭირდებათ მათ ქვეყანაში ქაოსი და არეულობა. ვიმედოვნებ, ჩვენი საზოგადოება აღარასოდეს დაუშვებს მწამებლების ხელისუფლებაში დაბრუნებას.
– რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?
– როგორც ვიცით, საუბარია დაახლოებით მილიარდ ლარზე. ისინი ამ თანხას ხელისუფლების გადასატრიალებლად გამოიყენებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ თანხები აქვს იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ანუ 2003 წლიდან. მათ ეს თანხები მოაგროვეს ბიზნესის, ოჯახების დატერორებით… ნაციონალების ხელშია რამდენიმე მილიარდი ლარი და ამ თანხებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
– რა სქემა აქვთ? შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვითხრათ?
– შექმნიან და, უკვე ქმნიან კიდეც დაჯგუფებებს, შეეცდებიან, მოსახლეობაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვიონ და ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება. შესაძლებელია, მოაწყონ მიზანმიმართული პროვოკაციები, თითქოს კრიმინოგენური მდგომარეობა დამძიმებულია. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. კარგად გვახსოვს მათი მართვის რეჟიმი, შესაბამისად, მათ მიერ შემუშავებული გეგმაც არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ვარ. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დაჯგუფებების შექმნა, განსაკუთრებით შემოდგომაზე აპირებენ გააქტიურებას. თითოეულ დაჯგუფებას ეყოლება სამი ხელმძღვანელი. თითოეული მათგანი გადაინაწილებს ფუნქციებს. თითოეულ დაჯგუფებაში ეყოლებათ ათობით ადამიანი.
– ესენი მათი აქტივისტები არიან?
– ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციასა და საქმეზე.
– მათ ფულს უხდიან?
– ბუნებრივია, ის ადამიანები, ვინც ამ გზას დაადგებიან, სერიოზულ თანხმებს მიიღებენ, ნაციონალები მათ სთავაზობენ ფულს. ისინი იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე აქვთ შექმნილი. საუბარია იგივე „დროა“-ზე, „თავისუფალ ზონა“-ზე. მიმდინარე დღეებში კიდევ შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები. ძალიან სერიოზული და საშიში ჯგუფია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის სისხლისღვრა და ქაოსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს. ჩვენ ყველა ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას ეტაპობრივად. ზუსტად ვიცით, რომ ამ კვირებში გააქტიურდებიან. ბუნებრივია, ისინი ახლაც, ამ წუთას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ცდილობენ ადამიანების გადაბირებას და რესურსის მობილიზებას.
– თქვენ უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია შესაბამის უწყებას?
– ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ახლა დაველოდებით სამართალდამცავების რეაგირებას.
– თქვენ მოითხოვეთ გიორგი ვაშაძის დაკითხვა…
– დიახ, ვითხოვთ ვაშაძის დაკითხვას, რადგან სწორედ ის დგას ამ გეგმის ორგანიზების სათავეში. ის არის ხელმძღვანელი საქართველოს მასშტაბით და პასუხისმგებელია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან. ვაშაძის გარდა, ნაციონალების რამდენიმე ლიდერს სხვადასხვა რეგიონები აქვს ჩაბარებული.
თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. პირადად გიორგი ვაშაძე კი საკითხს ხუმრობით პასუხობს, ჩვენ უკრაინას რეფორმებში ვეხმარებით და ისინი სანაცვლოდ საბურავების დიდი პარტიით გვამარაგებენო… თუმცა, მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს არც საპროტესტო აქციებზე და არც სხვა, დანარჩენ „საბრძოლო იარაღზე“…

გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:
– ყველაფერს ვიფიქრებდი, რომ დამაბრალებდნენ, მაგრამ ზონდერდაჯგუფებების შექმნა? ეს ჩემი საქმიანობიდან ძალიან შორს დგას.
– შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე უკვე არის აღძრული სახელმწიფოს მართვის ხელში ჩაგდების მუხლით. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს თქვენს დაკითხვას. ხომ არ დაუბარებიხართ უკვე?
– არა, ჯერ არა, რადგან ახლახან ჩამოვედი კიევიდან.
– არსებობს ინფორმაცია, რომ შემოდგომისთვის საპროტესტო აქციებისთვის ემზადებით…
– პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია საპროტესტო აქციები და პროტესტის გამოხატვა შეკრებებით. ნამდვილად არ ვაპირებ პირობის დადებას, რომ აქციას არასოდეს ჩავატარებ და არც მონაწილეობას მივიღებ მასში. მგონი, ცოტა აბსურდთან გვაქვს საქმე. აქამდეც ჩაგვიტარებია აქციები და მგონი, ყოველ ჯერზე კანონის ფარგლებში ვახერხებდით მოქცევას. აწიც საჭიროების შემთხვევაში ჩავატარებთ.
– რეგიონებში თუ ხდება მობილიზება თქვენი მხარდამჭერების, აქტივისტების ან ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების?
– გააჩნია, რას გულისხმობთ მობილიზებაში…
– საპროტესტო აქციებისთვის მზადებას…
– გავიმეორებ, თემატურად საპროტესტო აქციასაც დავგეგმავთ და ჩავატარებთ კიდეც, როდესაც ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება. ოპოზიციური ძალის ბრძოლის იარაღის გამოყენებაზე უარს არავინ იტყვის. როგორც ასეთი, დიდი აქციებისთვის მასობრივი მზადება ჩვენთან ნამდვილად არ დაწყებულა. თუ გადავწყვეტთ, აუცილებლად დავაანონსებთ და თქვენც გაიგებთ.
რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნაციონალების გეგმაში მათაც თავისი როლი აქვთ შესასრულებელი. ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში იგეგმებოდა სერიოზული პროვოკაცია მარნეულში და მოგვიანებით თბილისში, თუმცა ძალოვანი უწყების მეშვეობით მისი დროულად აღკვეთა მოხდა… შესაბამისად, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს ნაციონალების გააქტიურებას ამ მიმართულებითაც.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
– ძალიან სერიოზული პროვოკაცია მზადდებოდა აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მარნეულში დაახლოებით შემდეგი შინაარსის მქონე წარწერიანი მაისურები დარიგდა: ბორჩალო არის თურქული ტომების განსახლების ადგილი. ეს მაისურები დარიგდა ზუსტად მაშინ, როდესაც განმეორებითი თამაში უნდა ჩატარებულიყო საჩხერესა და ბაქოს გუნდებს შორის. ამ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები უნდა დასწრებოდნენ თამაშს. როგორც გაირკვა, ამ ყველაფრის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გაცილებით მასშტაბური პროვოკაცია მზადდებოდა თბილისში, საპასუხო თამაშის დროს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის დროულად აღკვეთა.
– ანუ საფრთხე რეალურია?
– ქვემო ქართლში არსებობს გარკვეული ისლამისტური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება რაღაც მომენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეკრან. ასეთი რისკი არსებობს. რაც შეეხება ეროვნული უმცირესობის დანარჩენ წარმომადგენლებს – სომხებსა და ჯავახებს, აქ ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი გამოყენება შეძლოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჯავახეთში სოციალური ფონი არ შეიცვლება, სერიოზული რეფორმები არ გატარდება, გამორიცხული არ არის მათი უკმაყოფილების პროვოცირება მოხდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ხომ ესეთია – ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებას კი არ ვაპირებთ, ვაპირებთ ისეთ აქტივობას, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ხელისუფლებას თავისი დანაპირების შესრულება მოსთხოვოს. ხელისუფლების მთავარი ბერკეტია, რომ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატაროს და, ასევე, საკუთარი დანაპირები შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯებს ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები