ექსკლუზიური ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმიდან

        ექსკლუზიური ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმიდან, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს, სადაც ექს-პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ახალ გარემოებაზეა საუბარი.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით ერთ კვირაში საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესი იწყება. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, სწორედ ეს პროცესი გახდება ჟვანიას საქმის გარშემო ახალი ტალღის აგორების ერთ-ერთი პროვოკატორი. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ექსპერტიზის ახალ დასკვნებს დღე-დღეზე ელოდება.
გამოცემა ზურაბ ჟვანიასთან ერთად მოკლული რაულ უსუპოვის მამასთან, იაშარ უსუპოვთან და ყოფილი პრემიერის ძმასთან, გოგლა ჟვანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟვანიას თქმით, ექსპერტიზა ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რაც გამოძიების პროცესში წამოიჭრა. მისივე თქმით, საქმის გამოძიება წელს დასრულდება, საქმე 2015 წლისთვის არ გადაიდება და ყველა კითხვაზე პასუხი გვეცოდინება.

გოგლა ჟვანია:
– თქვენი ინფორმაციით, რა ეტაპზეა გამოძიება?
– ახლა ექსპერტიზა მიმდინარეობს…
– რომელიც საზღვარგარეთ ტარდება?
– აქაც ტარდება და საზღვარგარეთაც.
– რა სახის ექსპერტიზებზეა საუბარი?
– დეტალურად ვერ ვისაუბრებ ამის შესახებ. ამ ექსპერტიზის პასუხების შემდეგ იქნება რაღაც სიახლეები.
– პასუხს როდი ელოდებით?
– უკვე ძალიან მალე.
– რომელი ქვეყნიდან უნდა ჩამოვიდეს ეს პასუხები?
– ამაზე, სამწუხაროდ, პასუხს ვერ გაგცემთ.
– რას ელოდებით ამ ექსპერტიზებისგან?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის.
– ვერსიებზე თუ შეგიძლიათ გვითხრათ რამე?
– ვერსიებზე უკვე დიდი ხანია აღარ ვსაუბრობ ,მას შემდეგ, რაც გამოძიება აქტიური გახდა.
– თქვენ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ ეთერში ახსენეთ თემურ ალასანია. იგივე გააჟღერა მაშინ პრემიერმაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. ამ ვერსიაზეა ისევ შეჩერებული გამოძიება?
– ამ თემაზე საუბარი ახლა ჩემთვის არ არის აქტუალური, რადგან გამოძიების დასრულებას ველოდები. ვერსიებზე საუბარი იმ ეტაპზე, როდესაც გამოძიება ახლოსაა დასრულებასთან, უკვე არასერიოზულია. მალე ისედაც ყველაფერი გაირკვევა.
ექსპერტიზა მთავარ კითხვას გასცემს პასუხს – ეს მკვლელობა იყო, თუ უბედური შემთხვევა?
– ის იმ ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რაც გამოძიების პროცესში წამოიჭრა. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა კი გამოძიების დასრულებას ნიშნავს.
– და როდის მოხდება ეს?
– ეს ყველაფერი წელს დასრულდება. საქმე 2015 წლისთვის არ გადაიდება. ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი გვეცოდინება.
იაშარ უსუპოვი, რაულ უსუპოვის მამა:

– რამე ახალი ხდება საქმეში?
– არაფერი. ველოდებით ანალიზების პასუხს.
– რომელი ანალიზების?
– რაც გაიგზავნა…
– ექსპერტიზისთვის გაიგზავნა მასალები?
– დიახ.
– სად გაიგზავნა? შვეიცარიაში, როგორც ამბობდნენ?
– ამას უკვე ვეღარ გეტყვით. საზღვარგარეთ გაიგზავნა.
– როდის გაიგზავნა?
– მაისის დასაწყისში.
– აქამდე პასუხი არ ჩამოსულა?
– ჩამოვა, ალბათ, უკვე მალე.
– ჩვენ შარშან საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვისაუბრეთ. მაშინ იმედი გქონდათ, რომ საქმე არჩევნების შემდეგ გაიხსნებოდა… მერე დეკემბერში ვისაუბრეთ და გვითხარით, 2-3 თვეში გაიხსნებაო. მარტში მართლა თქვა პროკურატურამ, დასკვნით ეტაპზე ვართო, მაგრამ უკვე სექტემბერია და ახალი მაინც არაფერია ჯერჯერობით… რა ხდება, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?
– ეს ისეთი საქმეა, უცებ არ მოხდება ყველაფერი. 9 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ. ყველაფერს თავიდან სჭირდება გაანალიზება.
– ჟვანიას დაცვის ორივე წევრი დაჭერილია, ექსპერტიც ციხეშია. ვიცით, რომ ძირითადი ჩვენებები უკვე აქვს პროკურატურას. თქვენ თვითონ გვითხარით თავის დროზე, ახალი მოწმეები არიან საქმეშიო. დასკვნითი ეტაპიც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად საქმე უკვე გახსნილი უნდა იყოს… ხომ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურა საქმის გახსნისგან რამე პოლიტიკური მოსაზრებით იკავებს თავს?
– არა, ასე არ ვფიქრობ. იმედი გვაქვს, რომ გაიხსნება. წინასწარ რამე უფრო კონკრეტულის თქმა არ გამოვა.
– ადრე გაცილებით ოპტიმისტურად იყავით განწყობილი. რა ხდება, ბატონო იაშარ?..
– ახლაც ისეთივე განწყობა მაქვს. რომ არ გახსნან ეს საქმე, ბოლომდე რომ არ მიიყვანონ ყველაფერი, ისევ ამ მთავრობის იმიჯზე იმოქმედებს ეს. მარტო ჩვენს ოპტიმიზმზე არ არის საუბარი. ბოლოს და ბოლოს, ხალხს მისცეს დაპირება და სხვანაირად ვერ მოიქცევიან.
– ამბობენ, რომ ამ საქმეს პროკურატურა სააკაშვილისთვის ინახავს ერთგვარი ბომბის სახით და საჭიროების შემთხვევაში ააფეთქებს…
– სააკაშვილის წინააღმდეგ ისედაც ბევრი ბომბია. მარტო ეს საქმე არ არის…
– გამოძიება ამ საქმეში ისევ თემურ ალასანიას მონაწილეობის ვერსიაზე დგას?
– …ეს ვერსიაა. საქმე რომ გაიხსნება, მერე ნათელი გახდება ყველაფერი. მანამდე ვერ გეტყვით ვერსიებზე ვერაფერს.
– თქვენ პროკურატურა გაყენებთ საქმის კურსში, რაზე მუშაობენ? ისევ ისეთი ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ გამომძიებლებთან?
– კი, რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა.
– ბოლოს როდის იყავით ამ საქმეზე პროკურატურაში?
– სამი დღის წინ ვიყავი.
– არ გაგვიმხელთ, რატომ იყავით?
– არა, ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ.
– თქვენი პროგნოზით, რამდენ ხანში შეიძლება გაიხსნას ეს საქმე?
– რამდენჯერაც ვთქვი, გაიხსნება-მეთქი, არ გამართლდა ჩემი პროგნოზი და ამიტომ ახლა თავს შევიკავებ… თქვენ იცით, რომ 22 სექტემბერს წინა სასამრთლო სხდომა გაიმართება ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ საქმეზე. მართალია, ეს არ არის ძირითადი საქმე, მაგრამ მაინც ბევრი რამე გაირკვევა. ჩაჩუა რომ იძახის, ვერაფერი დავინახე და არაფერი ჩანდაო, ბოლოს და ბოლოს, ხალხი ბრმა კი არ არის. წარმოგიდგენიათ, ექსპერტი თურმე ვერ ხედავს, გარდაცვლილს რა დაზიანებები აქვს მკერდზე, ან ტუჩზე, შეიარაღებული თვალით, მაშინ როდესაც უბრალო ადამიანი ამას კარგად ხედავს შეუიარაღებლად. რა თქმა უნდა, ეს არ ეპატიებათ იმ ექსპერტებს.
აპირებთ ამ პროცესს დაესწროთ?
– ალბათ.
– ბატონო იაშარ, რაკი ამბობთ, რომ ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ გამოძიებასთან, შეგიძლიათ თქვათ, რა ეტაპზეა ახლა საქმე და არის თუ არა ეს დასკვნითი ეტაპი?
– დიდი ხანია, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ახლა, უბრალოდ, ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზეა დამოკიდებული.
– ანუ ეს იქნება პროკურატურის ვერსიის გასამყარებელი მტკიცებულება და ამით ყველაფერი დასრულდება?
– რა თქმა უნდა.
– როდის ელოდებიან ამ პასუხებს?
– დღე-დღეზე ელოდებიან.
– ექსპერტიზაზე რა მასალები გაიგზავნა?
– ყველაფერი, რაც ნაციონალების დროს იყო აღებული. ახლა ეს ყველაფერი მოწმდება.
– თითქოს ითქვა, რომ ამ მასალების დიდი ნაწილი განადგურდა…
– არაფერი არ არის განადგურებული. აბსოლუტურად ყველაფერი ინახება მინუს ოც გრადუს ტემპერატურაზე.
– კონკრეტულად რა მასალები ინახებოდა ამ ტემპერატურაზე?
– სისხლი, დეენემი და ა.შ. ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები