რომეო მიქაუტაძე – კომპანია ,,მასდართან” ერთად დაგეგმილი მზის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას”

ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა” და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის” დირექტორმა, მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ, ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

,,მასდარის” დირექტორის, მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია.

„მასდარი” მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია თქვენს ქვეყანაში. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის გამომუშავების პროექტის განხორციელების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ “- აღნიშნა ,,მასდარის” დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები