ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღის ახალი პარტია მიაწოდა
ნატოში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმითი აცხადებს, რომ პენტაგონს აქვს ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია სატელიტური სურათებით, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალის ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა.
„გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ახლახან დამატებითი იარაღი მიაწოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჩრდილოეთ კორეას, რომელმაც რუსეთს ისეთი იარაღი მიაწოდა, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელი ხალხის, უკრაინის ქალაქების თავდასხმისთვის, ასევე, რუსეთის ფედერაციის შემდგომ უკანონო ომში“, – ციტირებს სმითს “უკრაინსკა პრავდა”.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ფხენიანს სანაცვლოდ რუსეთისგან სურს, მიიღოს სხვა სამხედრო ტექნოლოგიები. შესაძლოა, ეს იყოს – მოიერიშე თვითმფრინავები, მიწა-ჰაერი კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის აღჭურვილობა და სხვა იარაღი.