“ჰამასი” პალესტინის პოლიტიკური ძალა და არა – ტერორისტული ორგანიზაციაა” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ “ჰამასს” პოლიტიკურ ძალად და არა – ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.
ამის შესახებ Anadolu წერს.
“არაერთხელ მითქვამს, რომ “ჰამასი” არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომ ის არის პოლიტიკური პარტია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. როგორც პოლიტიკური პარტია, ისინი უფლებებისთვის იბრძვიან. მე შევკრიბე “ფათჰის” და “ჰამასის” წარმომადგენლები ჩემს კაბინეტში. შეხვედრის შესახებ მედიაში უკვე დაიწერა.”ფათჰი” და “ჰამასი” ერთმანეთს ხვდებიან და ამ მოლაპარაკებების განვითარებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც თურქეთმა, ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეგვიძლია, ბევრი რამ გავაკეთოთ ამ საკითხში, რადგან “ფათჰი” და “ჰამასი” უნდა იცხოვრონ ერთმანეთთან მშვიდობიანად“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ.
ამავე დროს, ერდოღანი დარწმუნებულია, რომ ღაზას სექტორში ომი დასრულდება, როგორც კი ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თანამდებობას დატოვებს.
“ვინც არ გვისმენს ან არ სჯერა ჩვენი სიმართლის, როცა ვამბობთ, რომ ნეთანიაჰუ დატოვებს თანამდებობას – დაინახავს მის წასვლას. მაგრამ თანამდებობის დატოვება მას ვერ გადაარჩენს. ჩვენ მის დევნას კანონიერად განვახორციელებთ, რათა პასუხი აგოს ჩაგვრაზე. იმედი მაქვს, რომ ისრაელის კაბინეტში ცვლილებების შემდეგ, ეს ხოცვა დასრულდება“, – თქვა მან.