“სერბეთში არჩევნები არასამართლიან პირობებში და ამომრჩევლის მოსყიდვით ჩატარდა” – დამკვირვებლები
საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სერბეთის მმართველმა პროგრესულმა პარტიამ (SNS) ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში უსამართლო უპირატესობა მოიპოვა მედიის მიკერძოებულობის, პრეზიდენტის – ალექსანდრე ვუჩიჩის არასათანადო გავლენისა და ხმის მიცემის დარღვევების გამო, როგორიცაა – ხმების მოსყიდვა.
ამის შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რეინჰოლდ ლოპატკამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Reuters-ი.
„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივას სთავაზობდა, ხასიათდებოდა პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა“, – განაცხადა ლოპატკამ.
დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ – იმაზე, რომ არ არსებობდა განსხვავება ოფიციალურ ფუნქციებსა და სააგიტაციო კამპანიას შორის; იყო ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა.
18 დეკემბრის საღამოს სერბეთის ცესკოსთან ოპოზიციური პარტიების მომხრეები შეიკრიბნენ. ცესკოს თავმჯდომარე ვლადიმირ დმიტრიევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოხდა უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანზე თავდასხმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დედაქალაქში სხვა ქალაქებიდან 40 ათასამდე ამომრჩეველი მოიყვანა.
ცესკოსთან შეკრებილები არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
სერბეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის “სერბეთის პროგრესული პარტიამ” (SNS) 47,21% მოიპოვა, ანუ პარლამენტში – 128 მანდატი.
მეორე ადგილზეა პროდასავლური ბლოკი – “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ”, რომელმაც ხმების 22,9% მოიპოვა, 65 ადგილი; მესამე ადგილზე გავიდა სოციალისტური პარტია გავიდა და 6,67% მიიღო, ანუ – 18 მანდატი.
კოალიცია NADA-მ 4,9%, ანუ 13 მანდატი მიიღო.