ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს

2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რეკორდული მაჩვენებელი იყო ბათუმშიც და წელს ბათუმის აეროპორტი 650 000 მგზავრს მოემსახურება.

„ასევე, შედარებისთვის, მეგობრებო, 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს – 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს.

ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურება – 1.7 მილიონ მგზავრს ველოდებით წელს, აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, მოგეხსენებათ;

ბათუმშიც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო, 650 000 მგზავრს მოემსახურება ბათუმის აეროპორტი წელს.

ეს ტენდენციები გრძელდება, ძლიერდება. უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია, ჩვენ ჩინეთთანაც გავხსენით ახლა, რამდენიმე თვის წინ უვიზო რეჟიმი, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ ბაზართან თანამშრომლობის გაღრმავებას, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ასევე აქტიური მუშაობის შედეგად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვან ავიაკომპანიასთან მოვახერხეთ მოლაპარაკება და დაინიშნა უკვე რეგულარული ფრენები, სექტემბრიდან გაიზარდა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ინდოეთშიც. ჩვენ ცხადია, გვჭირდება აეროპორტების მეტი განვითარება, იცით, რომ ჩვენ დავაანონსეთ ახალი აეროპორტის განვითარების შესახებ, რომელზეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯება და ჩვენი ამბიცია და მიზანი არის, რომ შეიქმნას ქვეყანაში საერთაშორისო დონის კლასის აეროპორტი, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სატვირთო და სამგზავრო ტერმინალებით.

ქუთაისის აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, მიიღებს მეტ ავიარეისს, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავ ოპერირებას.

ჩვენ თელავში უკვე დავიწყეთ და ვიწყებთ აქტიურად უკვე მშენებლობას, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობაც იქნება 50 000-მდე მგზავრი და ოთხივე სეზონის განმავლობაში შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები