მურმან დუმბაძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს სამ დეპუტატს – მედეა ვასაძეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს და ჯემალ ფუტკარაძეს წერილობითი საყვედური გამოეცხადა, ხოლო ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტიიდან გაირიცხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კოალიციის ლიდერმა განმარტა, პარტიის სამდივნომ იმსჯელა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების თვითნებურ ქმედებებზე და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პოლიტსაბჭოს აცნობა.
„პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ის საკითხი, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები აყენებენ, დეტალურად იქნება შესწავლილი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ქმედებებზეც იმსჯელა.
„სამწუხაროდ, მურმან დუმბაძე ცდილობდა, უხეშად ჩარეულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააფრთხილა იგი სიტყვიერად, აღარ ჩაერულიყო აჭარის მთავრობის საქმიანობაში. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ მოხდა ხელისუფლების რეალური გადანაწილება, მკაფიოდ გამიჯნულია პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, მათ შორის, აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები. სამწუხაროდ, მურმან დუმბაძის ქმედებები ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებდა ჩვენში. მისი მცდელობა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ისე აჭარის მთავრობა, უშედეგოდ დასრულდა. ორი წლის შემდეგ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იგი აგრძელებდა მსგავს დესტრუქციულ მოქმედებას. ამიტომ, ჩვენ გავაანალიზეთ მისი ქმედებები და, სამდივნოს გადაწყვეტილებით, იგი გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.