ნიდერლანდებში, 2019 წლის შემდეგ პირველად, ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს
ნიდერლანდების კონტრტერორისტულმა სააგენტომ, 2019 წლის შემდეგ პირველად, ქვეყანაში საფრთხის დონე მეორე, უმაღლეს დონემდე გაზარდა და განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის “მნიშვნელოვანი” ალბათობა არსებობს.
ამის შესახებ AP წერს.
უწყება საფრთხის დონის გაზრდის მიზეზად მეზობელ ქვეყნებში ბოლოდროინდელი ტერაქტები დაასახელა, ასევე, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავებები ნიდერლანდებსა და მეზობელ ქვეყნებში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მემარჯვენე ექსტრემიზმისა და ანტიინსტიტუციური ექსტრემიზმის საფრთხე უცვლელი რჩება“.
როგორც განმარტებულია, მიუხედავად იმისა, რომ გაძლიერებული საფრთხე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტულ ქმედებებს არ ითვალისწინებს, ის აძლევს შესაძლებლობას ისეთ უწყებებს, როგორიცაა პოლიცია, მუნიციპალიტეტები და სამინისტროები – მიიღონ ზომები საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად.