ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებთან შეხვედრა გამართა
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა, რომლებთანაც ისაუბრა იარაღის აუცილებლობაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში.
კერძოდ, ზელენსკი შეხვდა დემოკრატიული პარტიის ლიდერ ჩაკ შუმერს, ასევე, სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, მიჩ მაკკონელს და სენატორებს.
როგორც მან აღნიშნა, ეს შეხვედრა არის უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დადასტურება დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
ზელენსკიმ სენატორებს საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხედრო ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალ წელს უკრაინა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლას, ამიტომ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, აღინიშნა შორი მანძილის იარაღის საჭიროება.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობა ჰაერში რუსეთის შესაძლებლობების შესამცირებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის, კრიტიკული და მარცვლეულის ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქების დაცვა მნიშვნელოვანია ხალხის დაბრუნების, ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის სწრაფი მიღწევისთვის. მისი თქმით, ომის დროსაც კი, უკრაინის ეკონომიკა წელს 5%-ით გაიზარდა.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა ვალდებულება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის წინაშე.
სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ გააგრძელებს მტკიცედ ბრძოლას კორუფციასთან და მუშაობას ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე.