“არ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც უკრაინისგან დაიღალნენ” – დონალდ ტუსკი
პოლონეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არ შეუძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარებით დაიღალნენ.
ამის შესახებ მან ქვეყნის სეიმში გამოსვლის დროს თქვა.
„უკვე აღარ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმა – თავდასხმა “ყველა ჩვენგანზეა”.
ტუსკის განმარტებით, უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი. უკრაინელები რაღაც ძალიან მნიშვნელოვნისთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და ისინი დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან. მათ სურთ, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს და ახლა ისინი სწორედ ამისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.