ზელენსკი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გვიან ღამით ჩაფრინდა.

უკრაინის ლიდერმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან.

Reuters-ის ცნობით, ზელენსკის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტალინა გეორგიევასთან თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, აჯაი ბანგასთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის ოფისმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ განიხილებოდა უკრაინის ფინანსური სისტემის გაძლიერების გზები, ასევე, „გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების მექანიზმები“.

ამ შეხვედრების წინ, ზელენსკი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვიდა და გაკიცხა რესპუბლიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც კონგრესში უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას აჭიანურებენ. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა ჯარისკაცებს არ უნდა მიატოვონ.

„თუ ვინმეს შთააგონებს კაპიტოლიუმის მოუგვარებელი საკითხები, ეს არის პუტინი და მისი ავადმყოფი თავი“, – ციტირებს ზელენსკის AFP-ს.

ამის შემდეგ უკრაინის პირველი პირი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც უკრაინის სახლში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: BAE Systems-ის ხელმძღვანელები – ბრიტანული სამხედრო ინდუსტრიის გიგანტი, რომელიც ასევე მოქმედებს შეერთებულ შტატებში; Boeing-ის, Northrop Grumman-ის, Lockheed Martin-ის, General Dynamics-ის და სხვა კომპანიების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის და აწარმოებს უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი დასავლური კომპანიების დახმარება, რომლებთანაც მას შეუძლია, ჭურვების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო სისტემების ერთობლივი წარმოება დაამყაროს.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის იდეაზე, შექმნას თავდაცვის ჰაბი მის ტერიტორიაზე. ამისთვის უკრაინა მზადაა, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, გაამარტივოს ბიუროკრატიული პროცედურები და მომავალ საწარმოებს შეკვეთები მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები