ზელენსკი თეთრ სახლში 12 დეკემბერს ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი​ 11 დეკემბერს შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც უკვე 12 დეკემბერს თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

ბაიდენთან მოლაპარაკების გარდა, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა.

ზელენსკის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის, ასევე, მომავალ წელს ორი სახელმწიფოს ძალისხმევის კოორდინაცია“.

ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს შეერთებული შტატების, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გარშემო რუსული ტერორისგან დაცვაში და საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებაზე, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე.

10 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მაილის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი აშშ-ში ვიზიტზეც გახდა ცნობილი.

არგენტინაში უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ურუგვაის, პარაგვაის და ეკვადორის პრეზიდენტებს და მოკლედ ესაუბრა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს.

ზელენსკის და ბაიდენს შორის შეხვედრა გაიმართება იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკელები ბლოკავენ უკრაინის დახმარებას აშშ-ის საზღვრების დაცვის კანონპროექტის განხილვის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები