Reuters: ორბანი მიშელს მიმართავს, რომ სამიტზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ითხოვს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე თავიდან აიცილონ რაიმე გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე და მოუწოდებს შარლ მიშელს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის საკითხზე.

ამის შესახებ ვიქტორ ორბანის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისადმი გაგზავნილ კიდევ ერთ წერილშია ნათქვამი,  – წერს Reuters-ი.

აღნიშნულია, რომ ორბანის პოზიცია ეწინააღმდეგება ევროკომისიის, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მოსაზრებას, რომელმაც გასულ თვეში რეკომენდაცია მისცა კიევს მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც კი ის დააკმაყოფილებს საბოლოო პირობებს, თუმცა, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.

მედიის ცნობით, ორბანმა მიმართა შარლ მიშელს, რომ სამიტმა არ უნდა გადაწყვიტოს ბიუჯეტის გეგმა, რომელიც მოიცავს 50 მილიარდი ევროთი კიევის ეკონომიკურ მხარდაჭერას.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხები დეკემბერში, რადგან აშკარა კონსენსუსის ნაკლებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს. ევროპულმა საბჭომ უნდა აარიდოს თავი ამ კონტრპროდუქტიულ სცენარს ერთიანობის, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის გულისთვის“, – წერს ორბანი.

შარლ მიშელის სპიკერმა წერილზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ სურთ, განიხილონ უკრაინის წევრობის პერსპექტივები და ბიუჯეტის წინადადება სამიტზე, რომელიც გაიმართება ბრიუსელში 14 და 15 დეკემბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები