“უპრეცედენტოა”, “უპატივცემულობაა” – რიში სუნაკმა ლონდონში ბერძენ კოლეგასთან შეხვედრა რამდენიმე საათით ადრე გააუქმა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა დაუნინგ სთრითზე ბერძენ კოლეგასთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრა დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა.

მის ამ გადაწყვეტილებას ათენში “უპრეცედენტო” და “უპატივცემულო” უწოდეს.

ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, – წერს Ekathimerini.

”ეს არ არის ისეთი რამ, რაც ასე, უბრალოდ ხდება. პრეცედენტს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ”, – თქვა პავლოს მარინაკისმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის „უპატივცემულობა არა მხოლოდ საბერძნეთის პრემიერმინისტრის, არამედ ბერძენი ხალხის მიმართაც“.

”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სუნაკი გაღიზიანდა პართენონის ქანდაკებების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ურყევი პოზიციის გამო,” – თქვა მარინაკისმა, რომელმაც იგულისხმა ინტერვიუ, რომელიც კირიაკოს მიცოტაკისმა BBC-ს 26 ნოემბერს მისცა და რომელშიც მათ დაბრუნებას მოითხოვდა.

საბერძნეთის პრემიერი ბრიტანელ კოლეგა სუნაკს დღეს, დაუნინგ სთრითზე უნდა შეხვედროდა, თუმცა, 27 ნოემბრის საღამოს მას შეატყობინეს, რომ სუნაკმა შეხვედრა გააუქმა.

Financial Times-ს კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანმა დღეს დაუდასტურა, რომ შეხვედრა “შეუძლებელი გახდა ელგინის მარმარილოს შესახებ წინა დღით გაკეთებული კომენტარების შემდეგ”.

მარმარილოები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც პართენონის ქანდაკებები, არის ძველი ბერძნული საგანძური ბრიტანეთის მუზეუმიდან, რომელიც ქვეყანაში დიპლომატმა ლორდ ელგინმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაიტანა და რომლის დაბრუნებასაც ათენი ითხოვს, თუმცა, ბრიტანეთის კანონმდებლობა მუზეუმს ქანდაკებების გადაცემას უკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები